ლავრენტი ბერიას კოჯრის აგარაკები, რომლებიც სახელმწიფომ 3 წლის წინ გაყიდა, კვლავ განვითარების გეგმის გარეშეა.
მფლობელი კომპანია "იბეროტელის" დირექტორი ივანე ბარბაქაძე BMG-სთან ამბობს, რომ მიზეზი აგარაკის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით კომპანიის მფლობელების სხვადასხვა ხედვაა. შესაბამისად, დღემდე უცნობია, რა ფუნქცია ექნება ბოლო მეფისნაცვლის მოღვაწეობის პერიოდში აშენებულ 99 წლის აგარაკს.
"შენობა საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე შევიძინეთ. უბრალოდ, შენობის იერსახე გარკვეულ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. ჯერ, იქ არანაირი რადიკალური ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა ექსპერტიზისა და მდგრადობის შესწავლის სამუშაოები. შენობების ნაწილი დაასკვნეს, რომ ძალიან ამორტიზებულია. ნაწილი კი, მეტ-ნაკლებად მყარი. ჯერჯერობით, არანაირი კონკრეტული გეგმაც კი არ გვაქვს რა იქნება არსებულ ადგილას. არანაირი სამუშაო და გეგმა, ჯერჯერობით, შეთანხმებული არავისთან და არსად არ არის.
კომპანიას ჰყავს ორი პარტნიორი, რომელსაც პროექტის განვითარების სხვადასხვა ხედვა აქვთ და ჯერ, საერთო ხედვაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. არ მინდა წარმოიდგინოთ, რომ ეს დავის საგანია უბრალოდ, არსებობს განსხვავებული იდეები განვითარების კონცეფციაზე, რაც უნდა შეჯერდეს. როგორც შევიძინეთ ისევ იმ მდგომარეობაშია ობიექტი", - განაცხადა ივანე ბარბაქაძემ BMG-სთან.
"იბეროტელის" დირექტორის თქმით, კომპანიას "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში არა ერთი ქონება აქვს შეძენილი, თუმცა ჯერ დამატებითი ინვესტიცია არც ერთ ლოკაციაზე არ განხორციელებულა.
შეგახსენებთ, რომ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები კოჯორში 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 2021 წლის 15 აპრილს 2 504 000 ლარად შპს „იბეროტელმა“ იყიდა. 1 კვ.მ მიწის ფასი 110 ლარი გამოდის. აუქციონში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ბიჯების რაოდენობა 434 იყო. კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულებები არ აქვს, თუმცა აუქციონის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, მას შემდეგაც ვერ შეძლებს, რაც კომპანიის მფლობელები ქონების განვითარების გეგმაზე შეჯერდებიან.