ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, ავიაბილეთების შეძენის შესაძლებლობა არის. ელჩი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იქ მყოფ ქართველებთან და თუკი ვინმეს რაიმე ფორმით დახმარება სჭირდება, შეუძლია მიმართოს საელჩოს. „თუკი ვინმეს თავშესაფრით, ან ავიაბილეთით სჭირდება დახმარება, მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ“, - თქვა ელჩმა.
„გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი ავიარეისი შესრულდა. ამ რეისებზე ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს გამომგზავრება 7 ოქტომბერს. დაგეგმილი რეისებიდან, მხოლოდ ერთი გაუქმდა. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. რეისებზე მოთხოვნა არის, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გამოარიდონ ქვეყანას.
ზოგადად, ისრაელში მდგომარეობა მშვიდია - მე ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისია დაგეგმილი. ხვალ და ზეგაც იქნება „აირზენას“ ავიარეისები. ბილეთები როგორც ვამოწმებთ სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის, 12-13-14 ოქტომბრის ბილეთები თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ წამოსვლას საქართველოში, თუმცა მათი ოჯახის წევრები გამოიძახეს საბრძოლო ვითარებებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ შეიძლება სხვადასხვა ავიარეისებზე გამოჩნდეს ადგილები“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.