"როიალ ბატონი" საქმიანობის არეალს აფართოვებს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ილიას ტბაზე აშენებულ , ,,მუსიკალურ კუნძულს“ სექტემბრიდან მართვაში აიღებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს გია პირადაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ მართვაში გადმოვიდა "ფერუს ჯორჯია", ისინი აკეთებენ სასტუმრო ინფრასტრუქტურას ,,როიალ ბატონის“ ახლოს, ჩვენ კი ვიქნებით ოპერატორები. პირდაპირ ტბაზე შენდება ეკო სახლები, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, უკვე აშენდა წყალში საკონცერტო დარბაზი, რომლის მოპირკეთებაც ამჟამად მიმდინარეობს, ამ პროექტს ჰქვია "მუსიკალური კუნძული“.
"ფერუს ჯორჯია" არის ლატვიელების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია, მან შეიძინა წყალქვეშა მიწა აუქციონზე, ვალდებულებით და დაიწყო მისი განვითარება, ეს არის მცირე მონაკვეთი, 6 ათას კვადრატულ მეტრზეა საუბარი. სახლები გაიყიდება და მათ ეყოლებათ კერძო მფლობელები, ბალტიისპირეთში მცხოვრები ძალიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები, რამდენადაც მითხრეს, ორ სახლს უკვე ჰყავს მფლობელი.
სექტემბრიდან იგეგმება ამ სახლების გაქირავება, ჩვენ ვიქნებით მისი მომსახურე კომპანია და ვამუშავებთ მას როგორც სასტუმროს, რესტორანს და საკონცერტო დარბაზს. სექტემბერში გაიხსნება ხუთი სახლი და ერთი რესტორანი და სამომავლოდ კიდევ დაემატება რვა სახლი“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ შედგა, კომპანია "ფერუს ჯორჯიამ“ პროექტის პირველ ეტაპზე 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 მილიონი ლარი იქნება.
"ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ამ პატარა მოცულობისთვის, ძალიან მაღალტექნოლოგიური სახლებია და რაც ყველაზე მთავარია, ამ სახლების კონსტრუქციები იწყობა ჩვენთან კახეთში, აქ კეთდება წარმოება, რომელიც ნაწილობრივ უკვე გაშვებულია, დაწყებულია ამ სახლების აწყობა და დაპაკეტება. ეს არის ნატურალური ხისგან დამზადებული კონსტრუქციები, სახლები 1,5 კილოვატსაათ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, მინები და ფანჯრები ჩამოდის ლონდონიდან, მისი ფანჯრები თბო მშთანთქმავია , ანუ იქნება ძალიან ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა სახლები, რომელსაც შეხვდებით ნორვეგიაში, შვედეთში, ცოტას ფინეთში, მეტი სხვაგან არსად გაკეთებულა.
ლატვიური კომპანია Ferrus სწორედ ეკო მიმართუილებით მუშაობს, ეს ევროპული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია და დაკავებულია ელექტრომობილების დამზადებით, მათ გამოშვებული აქვთ ელექტრო ავტობუსებიც“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

























