გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ის მიხედვით, ლეგენდარული ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის ქონება მისი კარიერის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ უკვე 1.3 მილიარდ დოლარად ფასდება.
43 წლის შვეიცარიელმა ვარსკვლავმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტული მოიგო, საპრიზო ფულად ჯილდოდ ჯამში 95.3 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. თუმცა, მიუხედავად 20 გრანდ სლემის ტიტულისა, მისი ქონების უმეტესი ნაწილი კორტს გარეთ დაგროვდა, რაშიც შედის ინვესტიციები და სარეკლამო კონტრაქტები, ასევე გათვალისწინებულია შვეიცარიული გადასახადები და ბაზრის დინამიკა.
ფედერერის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი აქტივია შვეიცარიულ სპორტულ ფეხსაცმელების ბრენდ On-ში გაკეთებული ინვესტიცია — კომპანიის ღირებულება ამჟამად თითქმის 17 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ფედერერის წილის ღირებულებას მინიმუმ 500 მილიონ დოლარად აფასებს. სწორედ ამ ბრენდის სპორტული ფეხსაცმელი შეიძინა პირველად ფედერერის მეუღლემ, რაც მოგვიანებით ბიზნესად გადაიქცა.
გარდა ამისა, მას უამრავი მოგებიანი კონტრაქტი აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex და Lindt. 2018 წელს, Nike-ის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ფედერერმა Uniqlo-სთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 218 მილიონ ფუნტს შეადგენს.
2013 წელს ფედერერმა თავისი აგენტის, ტონი გოდსიკისთან ერთად დააფუძნა მენეჯმენტ კომპანია Team8, რომელიც მის კარიერულ საქმიანობასა და სხვადასხვა პროექტებს კურირებს. აგრეთვე აქვს საკუთარი საინვესტიციო და საქველმოქმედო პლატფორმა Format A AG.
სპორტული მარკეტინგის ექსპერტი ბობ დორფმანის თქმით ფედერერი არსდროს ეხვევა სკანდალებში და არასდროს გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით, რის გამოც ის მარკეტინგულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფიგურაა სპორტში.
შვეიცარიელმა სპორტსმენმა ATP-ის პროფესიულ ტურში 20 წელი გაატარა და ასპარეზობდა ისეთ გამორჩეულ ჩოგბურთელებთან, როგორიცაა ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. მან კარიერის განმავლობაში მოიპოვა 20 გრანდ სლემის ტიტული და წლების განმავლობაში ფლობდა რეკორდს, როგორც ყველაზე ტიტულიანი ჩოგბურთელი.