ჟურნალ Rolling Stone-ის, Billboard-ისა და Variety-ის მფლობელმა Penske Media-მა Google-ს უჩივლა. მიზეზი ტექნოლოგიური გიგანტის მიერ მათი ჟურნალისტური პროდუქტების უნებართვოდ გამოყენებაა, საძიებო სისტემებში ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული პასუხებისთვის, რაც Penske-ის პლატფორმებზე ტრაფიკს ამცირებს.
Penske Media-ს მიერ ვაშინგტონში, ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი პირველი პრეცედენტია, როცა მსხვილმა ამერიკულმა გამომცემელმა Alphabet-ის შვილობილი კომპანია სასამართლოში AI-ით გენერირებული შეჯამებების გამო წაიყვანა.
საქმე ისაა, რომ, Penske-ის მტკიცებით, საძიებო სისტემებში ინტეგრირებული ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის კითხვის პასუხის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ინტერნეტში ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით აყალიბებს და ძიების შედეგთა სათავეში გამოაქვს, გამოცემის ვებგვერდზე ტრაფიკს ამცირებს, რადგან Google-ის მომხმარებლებს პასუხის მისაღებად შემოთავაზებული ბმულების გახსნა აღარ უწევთ. შესაბამისად, მცირდება მედიასააგენტოების სარეკლამო შემოსავლებიც.
Penske ოჯახური მედია კონგლომერატია, რომელსაც ჯეი პენსკი უძღვება. ჯგუფის კონტენტი ყოველთვიურად 120 მილიონ ონლაინ ვიზიტორს იღებს. კომპანია ამტკიცებს, რომ Google მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს Penske-ის ვებსაიტებს შედეგების ჩამონათვალში, თუ შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული მასალა AI შეჯამებებშიც გამოიყენოს.
სარჩელში კომპანია ამბობს, რომ ბერკეტის გარეშე, Google-ს გამომცემლებისთვის მათი ნამუშევრების ხელახლა გამოქვეყნების ან მისი ხელოვნური ინტელექტის სისტემების წვრთნისთვის გამოყენების უფლებისთვის გადახდა მოუწევდა. Penske ასევე ამტკიცებს, რომ Google-ს ასეთი პირობების დაწესება საძიებო სისტემებში დომინირების გამო შეეძლო, რადგან ტექნოლოგიურ გიგანტს აშშ-ის საძიებო ბაზრის თითქმის 90%-იანი წილი უკავია.
სარჩელში ნახსენებია, რომ Penske-ის შემოსავალი 2024 წლის ბოლოსთვის, პიკთან შედარებით, 1/3-ზე მეტით შემცირდა, ვებგვერდის ტრაფიკთან ერთად.
სარჩელის საპასუხოდ Google-მა განაცხადა, რომ კომპანია AI შეჯამებას მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის წერს და ტრაფიკიც უფრო მეტ ვებგვერდზე გადადის.
"AI მიმოხილვების დახმარებით, ადამიანებისთვის ძიება უფრო სასარგებლოა და მას უფრო ხშირად იყენებენ, რაც ახალი კონტენტის აღმოჩენის შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ ამ უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავს დავიცავთ", - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა ხოსე კასტანედამ.
Penske Media Corporation ჯეი პენსკის მიერ 2003 წელს დაფუძნებული მედიაკომპანიაა, რომელიც დღეს ციფრული მედიის ერთ-ერთ უმსხვილეს პორტფოლიოს ფლობს გართობის, მუსიკის, მოდის, ხელოვნებისა და ბიზნეს ინდუსტრიებში. მათ შორისაა: Variety, The Hollywood Reporter, Rolling Stone, Billboard, SheMedia და სხვა. PMC-ის სათავო ოფისები ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში მდებარეობს, წარმომადგენლობა კი - 14 ქვეყანაში აქვს.




























