მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან აბრამოვიჩი “გალათასარაის” შეძენას განიხილავს

გალათასარაი აბრამოვიჩი

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, რომელმაც “ჩელსი“ მისი ისტორიის ყველაზე წარმატებულ ეპოქამდე მიიყვანა, სანამ 2022 წელს იძულებული გახდა კლუბი გაეყიდა, გავრცელებული ინფორმაციით ახლა თურქულ ფეხბურთში შესვლას და დიდი ინვესტიციის განხორციელებას “გალათასარაიში“ განიხილავს.

თურქული საინფორმაციო წყაროს sozcu.com.tr-ის ცნობით, რუს ოლიგარქს სტამბოლში გადასვლა და “ლომების“ (გალათასარაის მეტსახელი) ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორად ქცევა სურს. თუმცა ამ ნაბიჯს იურიდიული და სტრუქტურული ბარიერები ეღობება.

ამჟამად “გალათასარაის“ საჯარო კომპანია Galatasaray Sportif A.Ş. აკონტროლებს გალათასარაის ფონდით და არა კერძო ბიზნესით. შესაბამისად, კლუბის საკუთრების მოდელი დაფუძნებულია წევრობაზე და არა კორპორაციულ მფლობელობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის აქტივების გაყიდვა კერძო პირებზე ან გარე ინვესტორებზე შეუძლებელია, თუ თავად ფონდმა არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ პირობებში, აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, მოუწევს კლუბთან თანამშრომლობის არაპირდაპირი გზების ძიება, მაგალითად, სპონსორობის, ინფრასტრუქტურული პროექტების ან კომერციულ შვილობილ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების გზით და არა პირდაპირი აქციების შესყიდვით.

თუ ეს ინიციატივა კანონიერად განხორციელდა, აბრამოვიჩის ჩართვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროფილის უცხოური ინვესტიცია თურქეთის სპორტულ ისტორიაში. “გალათასარაი“, რომელმაც ბოლო სამი სეზონი ზედიზედ მოიგო თურქეთის სუპერლიგა, აქტიურად აფართოებს თავის საერთაშორისო ბრენდს სპონსორული შეთანხმებების, ევროპული ტურნირების და საზღვარგარეთული საფეხბურთო აკადემიის პროექტების მეშვეობით.

თურქეთის სუპერლიგაში ამჟამად ხუთ კლუბს ჰყავს კერძო მფლობელი:
“გიოზთეპე“ (შეძენილი ლონდონში დაფუძნებული Sport Republic-ის მიერ 2022 წელს),
“ქასიმფაშა“ (ადრე ეკუთვნოდა Ciner Group-ს, ახლა სახელმწიფო მართვაშია),
“სამსუნსპორი“ (ეკუთვნის ამსტერდამში დაფუძნებულ Amissos Sports-ს),
“ისტამბულ ბაშაქშეჰირი“ (მფლობელი — გოქსელ გიუმუშდაგი)
და “ფათიჰ ქარაგუმრუკი“ (მფლობელი — სიულეიმან ჰურმა).

ამ დროისთვის არც აბრამოვიჩის წარმომადგენლებს და არც “გალათასარაის“ არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები