მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან აბრამოვიჩმა მრავალმილიარდიანი აქტივები შვილებს გადასცა - The Guardian

63ba7a4f38688
თათია კაკიაშვილი
08.01.23 12:26
2682
„2022 წლის თებერვალში მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აღარ იყო ტრასტების ერთადერთი ბენეფიციარი, რომელიც მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს,“ - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენისთვის სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე, მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების ათი ტრასტის ბენეფიციარი, რომელიც ყველაფერთან ერთად, მართავს იახტასაც, სახელად - Eclipse, აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. შესაბამისი დოკუმენტები The Guardian-ისთვის ხელმისაწვდომი კვიპროსული კომპანია MeritServus-ის საშუალებით გახდა, რომელიც ოფშორული კომპანიების და ტრასტების შექმნისა და მართვის სერვისებს ახორციელებს. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტებმა ჟურნალისტებამდე ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით მიაღწია.

ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ აბრამოვიჩის ქონებიდან ცვლილებები კვიპროსსა და კუნძულ ჯერსიზე რეგისტრირებულ ათ ტრასტს შეეხო. ათივე შემთხვევაში, რეორგანიზაციის პროცესი ერთდროულად, 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გასტანა. საგულისხმოა, რომ ამ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, დასავლეთის მთავრობები რუს მილიარდერებს სანქციებით დაემუქრნენ, თუ რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ დაიწყებდა, მარტში კი რომან აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.

ამ რეორგანიზაციის შედეგად, აბრამოვიჩის მრავალმილიარდიანი აქტივებიდან 8 ტრასტის 51%-იანი წილის მფლობელები ახლა უკვე მისი შვილები არიან, ხოლო 2 ტრასტის შემთხვევაში, შვილების მფლობელობა 100%-ს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა ისიც, რომ რომან აბრამოვიჩს ტრასტებზე კონტროლის განხორციელება ეკრძალება.

რაც შეეხება ახლა უკვე რომან აბრამოვიჩის შვილების მფლობელობაში მყოფ ტრასტებს, მათი სია ასეთია: Europa Trust, HF Trust, Grano Trust, Zeus Trust, Ermis Trust, Zephros Trust, Proteus Trust, KPG Trust, Perseus Trust, Sara Trust. The Guardian-ის მიხედვით, ისინი მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს, მათ შორის მსხვილ რუსულ კომპანიებში წილებს და ქონებას აკონტროლებენ. ექსპერტების შეფასებით, აბრამოვიჩის მიერ საკუთარ შვილებზე ტრასტების გადაფორმების ფაქტმა შესაძლოა, დასავლეთის ხელისუფალთ სირთულეები შეუქმნას, რომლებიც სანქცირებული მილიარდერების აქტივების გაყინვას ცდილობენ.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის დეკემბერში კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიისგან Granite Capital Holdings Ltd.-სგან დაახლოებით 26 მილიონი დოლარის კონფისკაცია იგეგმებოდა, რომელიც ოტავამ რომან აბრამოვიჩთან დააკავშირა. თუმცა გავრცელებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ გასული წლის თებერვალში აბრამოვიჩმა Granite Capital-ის მფლობელი HF Trust-ის მართვა შეწყვიტა და მისი ადგილი მისმა შვილებმა დაიკავეს, წერს The Guardian.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები