მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან გოცირიძე: გამოცხადდეს პარლამენტში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობა

5c740e561a022
დათო ჯალაღონია
25.02.19 19:47
868
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე TBC ბანკის საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობის მისვლას ითხოვს.

„აუცილებელია, გამოცხადდეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობა. სწორედ მათ მიერ იყო ინიცირებული ეს პროცესი - მათ გადააგზავნეს ეს დოკუმენტები პროკურატურაში, მიმართეს ეროვნულ ბანკს და ეს 11-წლიანი დაგვიანებითი შემოწმების ინიციატორი სწორედ ეს სამსახური იყო, ამიტომ უნდა გვითხრან, რას ეფუძნებოდა მათი პოზიცია, სად იყვნენ აქამდე, რატომ გაახსენდათ ეს მაინც და მაინც ახლა და ზოგადად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს გამოეყო, ჩაკეტილი ორგანო გახდა, რომლის მისამართიც კი არავინ იცის და ახლა რომ მიხვიდეთ, კარსაც კი არ გაგიღებენ. ამიტომ ეს გადაიქცა ერთგვარ ფარულ, სადამსჯელო მექანიზმად და არავინ იცის, როდის და ვის წინააღმდეგ იქნება ეს სტრუქტურა გამოყენებული, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ბანკებს. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ნებისმიერი ჩვენი გარიგება, ეს იქნება მაღაზიაში ნივთის შეძენა, სხვადასხვა ტრანზაქციები, ყველაფერი მონიტორინგის სამსახურში აისახება, რომელიც თუკი არ იქნება პარლამენტის მხრიდან გაკონტროლებული, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც პოლიტიკური, ან სხვა სახის დევნის ინსტრუმენტად“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზები სებ-ის განცხადებაშია მოცემული.

„საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.
მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მითუმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია.

რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები