მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან გოცირიძე: ჭიათურის პრობლემა მთავრობის შექმნილია

5ced143bf1a7a
ლიკა გურაბანიძე
28.05.19 15:00
1132
„ჭიათურის პრობლემა არის მთავრობის შექმნილი და ამ სამწლიანი უკანონო დროებითი ადმინისტრაციის მართვის შემდეგ, ეს ქონება თავის პატრონს სასწრაფოდ დაუბრუნეთ,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ჭიათურაში პრობლემის მოგვარება არ ხდება და შექმნილი კრიზისის სათავე საქართველოს მთავრობიდან მოდის.

„სამი წლის განმავლობაში ჭიათურა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ფაქტობრივად, მთავრობის მიერ დანიშნულ თაღლითებს გადაეცათ. ჩამოაშორეს მესაკუთრე, დაინიშნა დროებითი მმართველი; დროებითი მმართველი ერთი შეხედვით თითქოს კეთილი სურვილებით დაინიშნა, რომ ამ საწარმოს ეკოლოგიური პრობლემები მოეგვარებინა; სინამდვილეში, ეს ჯგუფი ქარხანას სამი წელია ძარცვავს, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის პერიოდში ფეროსა და ჭიათურის კომბინატს ანადგურებდა. ამ ადამიანებს ფულის საკეთებელი ორმო გადაეცათ იმის გამო, რომ ისინი ამ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ეს ადამიანები სამი წელია მართავენ ჭიათურასა და ფეროს, სხვის ქონებას და ამ ქონების მესაკუთრის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გუშინ შეწყდა.

როგორც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” და გაფიცვაში მონაწილეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმების შედეგადაც გადაწყდა, რომ:

1. “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე.

2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს.

3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის - თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას.

4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს.

5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას.

6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას.

7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს.

8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები