„მკვდარი შენობა დგას და წლის განმავლობაში ჩვენ 7 მლნ ლარამდე ზარალს ბიუჯეტიდან ვუფარავთ,“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანე მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
„წლის განმავლობაში შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე რამდენი კონცერტი იმართება? როგორც ჩვენ ვხედავთ, წლის განმავლობაში ოფიციალური ინფორმაციით 6.5-7 მლნ ლარის ზარალს აგროვებს დარბაზი. ხომ არ ფიქრობს მთავრობა მის გაყიდვაზე? თუ წელიწადში 5-6 კონცერტი გაიმართება და ასე იდგება? ეს რომ კერძო სექტორის ხელში იყოს, იქ სხვა სახის აქტივობებს დაგეგმავდა. რატომ არ გაიცემა იჯარით?“, - განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის განცხადების საპასუხოდ, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ Black Sea Arena-ზე კითხვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმართებით არ უნდა დაისვას.
„არ ვიცი, ეს კითხვა ჩვენთან მიმართებით რატომ დაისვა. Black Sea Arena-ს პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კურირების ქვეშ არასდროს ყოფილა. რაც შეეხება, Check In Georgia-ს, პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

























