„ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩაფლავდა,“ - ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მაია ცქიტიშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ვიცეპრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობასა და გარიგების დეტალებზე ისაუბრა.
რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას უნდა ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ინვესტორს გადააბრალოს.
დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლის მიზეზი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია.
„ინვესტორი თქვენი შერჩეულია, სამი წელი ტენდერი ვერ ჩაატარეთ და თუ გგონიათკ პროექტის ჩაშლით, ვიღაცაზე გადაბრალებით „ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე დადებითად წარმოჩინდებით, ძალიან ცდებით.
თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ და ამაშია თქვენი გამოსვლის შინაარსი. ჩაშლის მიზეზი ხელისუფლების შეუსრულებელი ვალდებულებებია. თქვენ ორ წელში ანაკლიის პორტამდე გზას მიიყვანთ?! რკინიგზას ააშენებთ?! თქვენ განსახლებას გააკეთებთ?! ორი გზა უნდა გაიყვანოთ საავტომობილო გზა და რკინიგზა. ხალხმა არც კი იცის, რომ მის ბაღში გზა გაივლის, თქვენ განსახლების გეგმა ჩაშალეთ. ინფრასტრუქტრული პროექტი ოდესმე დაგისრულებიათ?!ჩვენ დავინახეთ სურათი, რომ ამ ვადლდებულებების შესრულება საქართველოს მთავრობას დროულად არ შეუძლია; თქვენ 7 წლის შემდეგ ახალი ინვესტორი რომც მოიძიოთ, ის განსხვავვებულ პირობებს შემოგთავაზებთ?! ან უფრო მსუბუქ ვალდებულებებს დასთანხმდება?! თქვენ ვერ ხვდებით, რომ ამ პროექტს წერტილი შესაძლოა, საბოლოოდ დაუსვათ?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მაია ცქიტიშვილი პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გამოდის, სადაც მინისტრების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

























