საპარლამენტო ოპიზიციის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ”თიბისი” ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის“.
ასე ეხმაურება დეპუტატი სოციალურ ქსელ Faebook-ის საკუთარ გვერდზე მთავარი პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტების ამოღებას.
”თიბისი” ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის. შესაძლებელია, ეს იყოს ივანიშვილის მხრიდან ბანკზე კონტროლის დამყარების მცდელობა. არც ისაა გამორიცხული, რომ მას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს.
ყველას კარგად ახსოვს, რომ უმრავლესობის დეპუტატებისა და მთავრობის წევრთა შეხვედრაზე ივანიშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მამუკა ხაზარაძის თანამზრახველობაში, ხოლო მამუკა ხაზარაძე დაადანაშაულა შვილმოკლული მამების მიერ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ ირიბად დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს და დაგმო ნაციონალური მოძრაობა ”რევანშიზმის” გამო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის გულის მოსაგებად.
არ გამიკვირდება, თუ მორიგი აბსურდული ბრალდების მოწმე გავხდეთ, მაგალითად, იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ”თიბისი” ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს გაერთიანებულ ოპოზიციას.
”თიბისი” ბანკზე შეტევით მორიგ დაუკრეფავში გადავიდა ხელისუფლება. ”ჭარბვალიანობის” თითიდან გამოწოვილი ისტერია, რეგულაციები, ვალების ”ჩამოწერა” და სხვა საბანკო აქტივობები ”საარტილერიო მომზადება” იყო. ახლა ქვეითების ჯერი დადგა და შეუსიეს კიდევაც. არ დამთავრდება ეს ამბები კარგად“, -წერს გოცირიძე.
რამდენიმე წუთის წინ თემაზე განცხადება გაავრცელა „თიბისი ბანკმაც“:
"8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.
ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - თიბისი ბანკს - ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.
თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.
თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:
· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.
თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

























