ახალი მოწვევის პარლამენტი აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას მომავალი კვირიდან გეგმავს, მას შემდეგ, რაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ორშაბათს ცნობილი გახდება, მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ განსახილველად გადაგზავნილი კანონპროექტებიდან, პარლამენტი რომლის განხილვას დაუბრუნდება.
ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ მსჯელობა 2015 წელს დაიწყო, ანტიდემპინგურ ღონისძიებებს ეხება. დოკუმენტი პარლამენტს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განეხილა. იქნება თუ არა ეს კანონპროექტი პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალში, რომან კაკულია არ აკონკრეტებს.
"ორშაბათს შემიძლია, ვთქვა, რა დარჩება ძველი კანონპროექტებიდან და რაზე გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მის პოზიციას ანტიდემპინგური კანონის მიღების საჭიროების შესახებ, დეპუტატი ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებას იხსენებს.
"რაც ეკონომიკა არსებობს, პროტექციონისტებსა და თავისუფალი ბაზრის მომხრეებს შორის დისკუსია გრძელდება და ეს არ დამთავრდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ. დღეს ბევრ ექსპერტს ნახავთ, ვინც ამბობს, რომ გამოსავალი პროტექციონული პოლიტიკაა, მაგრამ ვინც უარი თქვა ამაზე, იმიტომ თქვა, რომ გრძელვადიან პერიოდში დაინახა - ეს ბაზარს კეტავს. მეორეს მხრივ, იმისათვის, რომ ბაზარი განავითარო და პროდუქციის ხარისხი აწიო, სულ სხვა ინსტრუმენტები და რესურსები გჭირდება", - განმარტავს კაკულია.
ის გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მიიღებს, დეპუტატის განმარტებით, ფართო დისკუსიას უნდა დაეფუძნოს.
"აქ მონაწილეობა კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ. ეს კომიტეტთან არსებული საკომისიო ფორმატები იქნება", - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ "საქართველოში დისკუსიისა და ჩართულობის პრობლემაა და ეს უნდა გადაიჭრას".

























