მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნებისთვის" "უკანა ხიდები დაწვა"

5c4ec50b29e81
მარიამ ადამია
28.01.19 12:58
1005

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა. 

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, საქართველოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური მოდელი არ აქვს.

"დისკომფორტი მაქვს იმის გამო, რომ ჩვენ ეკონომიკური მოდელი მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს იმ დონეზე, რომ მას ჰქონდეს საერთო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, კონსენსუსი, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება ვერ მოხდება. ამ გაუგებრობის მიზეზი ის არის, რომ ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს, ხოლო პროტექციონისტული თეორიის მიმდევრებს, ასევე არ აქვთ პასუხები გარკვეულ საკითხებზე. ეს დაუმთავრებელი ფრაზები კი ქმნის იმას, რომ ჩვენ ვერ მივდივართ საბოლოო კონსესუსამდე", - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე რაც შესაძლებელი იყო, უკვე შეიქმნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმ დოვლათის მობილიზებისთვის, რის ხარჯზეც სახელმწიფომ დანარჩენი სოციალური ვალდებულებები უნდა შეასრულოს და განვითარებისკენ წავიდეს.

"თუკი ჩვენ არ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ე.ი. წინ ვერ მივდივართ. ქვეყნებმა, რომლებიც ეკონომიკურად განვითარდნენ, ან კაპიტალი მოიზიდეს, ან ტექნოლოგიები გაზარდეს, ან მუშახელი აქციეს კვალიფიციურად, მეოთხე ალტერნატივა კი არ არსებობს. სამმილიონიანი ბაზრით წინ რომ ვერ წახვალ გასაგებია, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებები უალტერნატივოა, ანუ ლიბერალური ეკონომიკის ეს ნაწილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ თემას აღარ ვაგრძელებთ - ანუ იმას, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება დემოგრაფიული ცვლილებები, კულტურულ-ეთნიკური ცვლილებები და ეს გვეხამუშება. ვისაც არ მოსწონს, გამოდის პროტექციონისტული იდეებით, თითქოს აქ იყოს ხსნა", - მიიჩნევს კაკულია.

გარდა ამისა, დეპუტატმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ინვესტორისა და თავისუფალი ბაზრისკენ კი არ იხედება, არამედ იმ შესაძლო ნეგატივებსაც ხედავს, რომელიც უალტერნატივოდ შეიძლება დადგეს, ასევე, უალტერნატივო არჩევანის შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები