პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საპენსიო რეფორმას ერთობლივი რისკის პროექტს უწოდებს.
როგორც კაკულია BM.GE-თან დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედების დასაწყისშივე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, ამ რეფორმის ირგვლივ ხელისუფლებაში კონსულტაციები გრძელდება.
„მე არ გამოვრიცხავ არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს, იმიტომ რომ საკანონმდებლო პროცესი სრულყოფილი ჩვენთან არ არის. ამის არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს. მე ვიცი, რომ საკონსულტაციო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში რეაგირებს, ანუ შეკითხვებზე ავტომატურ რეჟიმში იძლევა პასუხებს ყველა იმ პირისათვის, რომელსაც შეკითხვები აქვს, მაგრამ თუ ეს შეკითხვები მიიღებს რეგულარულ ხასიათს და ჩვენ მივხვდებით, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით კორექტირებაა საჭირო, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ და არც ეს არის პრობლემა იმ გაგებით, რომ სრულყოფილებისგან ძალიან ბევრი კანონი შორს არის, რადგან თუნდაც მომზადების პროცესში, არ ხდება საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება ბევრ შემთხვევაში“, - განაცხადა კაკულიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებია მოსალოდნელი.
„ამას პირველი ექვსი თვე გვაჩვენებს. თუ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს იმ მხრივ, რომ ტრენინგების რაოდენობა უნდა გაზარდოს იმ პირებისათვის, ვინც ამ თემაზე კერძო სექტორიდან რეაგირებს, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგები ჩატარდეს“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - როგორ ართმევს თავს მთავრობა იმ პასუხისმგებლობის ტვირთს, რაც ახლავს მოქალაქეების თანხების გაკნარგვას იმ ფონზე, როცა საინვესტიციო საბჭოს წევრები ჯერ შესაბამის შესარჩევვ კომისიას არ დაუმტკიცებია, კაკულია პასუხად აღნიშნავს, რომ „ამ ქვეყანაში ძალიან დიდხანს ვერ იქნება ისეთი სიტუაცია, როცა ოქროს სასწორზე შევძლებთ რაღაცეების აწონვას“.
„ადრე სასწორი საერთოდ არ იყო. ახლა სასწორი არსებობს, რომელიც შეიძლება, ძვირფასი ლითონისგან არ არის დამზადებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს სასწორი არის. ჩვენ ვპროგრესირებთ, ნელ-ნელა წინ მივდივართ. ცხადია, არის ხარვეზები. ჩვენ ერთად ვრისკავთ, ჩემი აზრით, გონივრულად, თუმცა ამ საინვესტიციო საბჭოზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. მის წევრებს შესარჩევი კომისია არჩევს და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. შესარჩევი კომისია 7 წევრისგან შედგება. ესენი არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი.

























