მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია გიორგი ქობულიას პარლამენტში მოწვევაზე: "ჩემი პირადი აზრი დადებითია"

5cd008eab965e
ლიკა გურაბანიძე
06.05.19 14:12
911
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თანახმაა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას პარლამენტში მოუსმინოს.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტში ანგარიშით წარდგენის სურვილი გიორგი ქობულიამ გადაცემა „Forbes კვირაში“, წამყვან გიორგი ისაკაძის ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ გამოთქვა; დღეს კი, ექსმინისტრის პარლამენტში მოწვევის ინიციატივით ოპოზიცია გამოვიდა, რასაც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეც დაეთანხმა.

„მისი მოსმენის შემდეგ სურვილი მეც ჩამომიყალიბდა იმიტომ, რომ თუ მას აქვს სურვილი, საჯაროდ ინფორმაცია გააჟღეროს და ის ტელეეკრანებთან ამას აკეთებს, მაშინ რა მნიშნელობა აქვს, მოვიდეს და აქ განაცხადოს. კომიტეტის წევრებს დაველაპარაკები და ჩამოვყალიბდებით. ჩემი პირადი აზრი დადებითია“, - განმარტა კაკულიამ.

თავის მხრივ, გიორგი ქობულიამ პარლამენტში მისვლის მზაობა bm.ge-თან კიდევ ერთხელ გამოხატა.

„თუ ოფიციალური მსვლელობა მიეცემა და მე გამომიძახა პარლამენტმა, რომ შენ გიორგი ქობულია იყავი აქ 8 თვე მინისტრი და წახვედი ისე, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ რატომ წახვედი და მოდი, ერთი მოგვიყევი, რა გააკეთე და რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, ეს ბუნებრივია. ბუნებრივია კი არა, მართალი გითხრათ, გასაკვირია, რომ ეს არ მოხდა, როცა ახალი კონსტიტუციით პარლამენტის უფლებამოსილება გაზრდილია, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, მთავრობა არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე და ამ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტროს ხელმძღვანელი ტოვებს თავის პოზიციას გაურკვეველ პირობებში და პარლამენტი არც ინტერესდება, რა გააკეთა ამ კაცმა, რატომ მოვიდა და საერთოდ რა ხდება. ეს არაა გასაკვირი? ცოტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა... თუ მე დამიძახეს, მე მორალურად და ხალხის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ, მივიდე“, - განაცხადა ქობულიამ bm.ge-თან და დასძინა, რომ „ეს უნდა მოხდეს ახლა“.

„მე გეგმები ხომ წარვუდგინე მათ და ამის მიხედვითაც შეუძლიათ დამისვან კითხვები - აბა, რა გავაკეთე, რა კეთდებოდა და ა.შ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ახლა. ეს თუ მოხდა ერთ ან ორ თვეში, უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებულია ისედაც, რადგან ისედაც სამი კვრა გავიდა, რაც წამოსული ვარ“, - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები