მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია: კობა გვენეტაძის უარი პარლამენტში მისვლაზე, კითხვებისგან თავის არიდება არ არის

5c7400277e3d8
დათო ჯალაღონია
25.02.19 18:46
953
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის თანახმად, ხვალ კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მისულიყო, მაინც ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ კობა გვენეტაძემ პარლამენტში ვიზიტზე ამჯერად უარი განაცხადა.

„ახალი რეგლამენტის თანახმად, მე სხდომის გადადების უფლება არ მაქვს, ვინაიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. შესაბამისად, თუ სებ-სა და „ევროპულ საქათველოს“ შორის არ იქნება მიღწეული შეთანხმება ამ მოსმენის გადადების თაობაზე, მე ვერ გავაუქმებ სხდომას. ეს არის ახალი რეგლამენტი და მას უნდა დავემორჩილოთ. ამიტომ ხვალ შეიძლება, ეროვნული ბანკის განცხადების განხილვა და შემდეგ, ჩვენც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა რომან კაკულიამ და დასძინა, რომ „ვისაც შოუს დადგმა უნდა, დადგამს“.

ამასთან, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კობა გვენეტაძის უარი პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც TBC ბანკის საქმეზე და საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდების მცდელობა.

„ეს არ არის თავის არიდება. იმ არგუმენტებზე, რაც არის მოყვანილი ეროვნული ბანკის განცხადებაში, შეიძლება ფიქრი. პირველი არგუმენტი ის არის, რომ შეიძლება დაპირისპირების სცენარის დადგმა ეროვნულ ბანკსა და მისი რეგულირების ქვეშ მყოფ ინსტიტუტს შორის, არ იყოს კარგი. რაც შეეხება მეორე არგუმენტს - რეგულაციების შედეგების გასაანალიზებლად ეროვნულ ბანკს დრო სჭირდება. აქაც შეიძლება, ვადის მიცემაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ: სებ-ის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში, ახსნილია, თუ რატომ ამბობს მარეგულირებელი უარს როგორც - TBC ბანკის საქმის პარლამენტში განხილვაზე, ისე - 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შესახებ მსჯელობაზე.

„საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.

მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მითუმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია.

რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები