მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია: ლარს გამოჯანსაღების გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს

5be3cba89a42f
დავით ჯალაღონია
08.11.18 09:36
862
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ლარის კურსის მერყეობას ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირებს.

დეპუტატი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციას ნდობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი მაშინ ჩაერევა ამ პროცესში, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს.

„სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვიცით ყველა დეტალი, რითაც ფორმირდება ლარი. აქ შეგვიძლია ვთქვათ, ის ინსტრუმენტები, რომლებიც ფუნდამენტალურ ფაქტორებს ქმნიან, არ იძლევიან იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რაღაც აპოკალიფსურს უნდა ველოდოთ. ის, რომ მოლოდინებმა ნამდვილად იქონია გარკვეული როლი, ეს ცალსახად ასეა. ჩვენთვის მთავარია, ეროვნულმა ბანკმა ზუსტად დაინახოს ის მომენტი, როცა ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ინფლაციას და დარწმუნებული ვარ, მას ამის კომპეტენციაც და რეზერვებიც გააჩნია და ის მაშინ გააკეთებს ამ ჩარევას, როდესაც ამ საფრთხეს კონკრეტულად დაინახავს“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს ის რეკომენდაციებს ვერ მისცემს.

„მას აქვს ამის კომპეტენცია, თუ რა მომენტში უნდა ჩაერიოს. ორივეს ერთად კონტროლი, ინფლაციისა და ლარის კურსის, ვერ ხერხდება. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკებში უნდა აირჩიო ერთ-ერთის კონტროლი. როგორც წესი, გაცვლითი კურსის კონტროლი ნაკლებად ეფექტურია, უფრო ეფექტურია - ინფლაციაზე“, - განაცხადა კაკულიამ.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ საარჩევნო მოლოდინების გაბათილებას ვერც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უზრუნველყოფს.

„ჩვენ რომ გვაქვს ასეთი კურსი, ეკონომიკა და უფრო უკეთესი იქნებოდა, მეტი ექსპორტი რომ გვქონოდა, ეს ცხადია, ერთ და ორ დღეში ვერ შეიცვლება. აქ ვისაც უნდა, ამას პოლიტიკურ პასუხისმგებლობად გადაიტანს, ვისაც უნდა შეგნებით მოეკიდება. ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ლარს გამოჯანსაღების გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს და არის მოკლევადიანი ქმედებები. მოკლევადიანს რაც შეეხება, სწორედ აქ არის ეროვნული ბანკი პასუხისმგებელი, გრძელვადიანს რაც შეეხება - ეროვნული ბანკი და მთლიანად მთავრობა. ეს პროცესები დადებითი ტენდენციით მიმდინარეობს, მაგრამ - არა საკმარისი ტემპით, სამწუხაროდ. ამიტომ ხდება, ის რაც ხდება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ისევ გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 2 ლარი 765 თეთრი ღირს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები