პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას - საკრედიტო-საგარანტიო სქემას აკრიტიკებს.
როგორც დეპუტატმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, წარმოდგენილი სქემა არ ითვალისწინებს მეწარმეობის მსურველთა იმ კატეგორიას, რომელთა დაფინანსებაც ყველაზე რთული და რისკიანია.
კაკულიამ გაიხსენა მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარი იმის შესახებ, თუ რა მიზანი უნდა ჰქონოდა საკრედიტო-საგარანტიო სქემის დაწყებას.
„იმთავითვე ჩვენი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუწყობდა ეს ფონდი გაცილებით ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანების შემოსვლას ბიზნეს აქტივობაში. აქ თუ საუბარია იმაზე, რომ იმ სიცოცხლისუნარიან წინადადებათა შორის, რომელიც შეიძლება ბანკმა დააფინანსოს, ამას გამოვაკლოთ მხოლოდ ის, ვინც მხოლოდ გირავნობის არქონის გამო ვერ შემოდიოდა ბიზნესში, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც უნდა მივიდეს ამ ტიპის საქმიანობა.
ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეული, სხვა ტიპის მომსახურებაზე, სადაც გრანტის კომპონენტი შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოჩენლი, რომლიც გაცილებით რთული სამართავია, რომელსაც გაცილებით მეტი კვლევები სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პრიორიტეტები რეგიონების დონეზე, როგორია ცოდნის ხარისხი. ჩვენ ვსაუბრობდით კომბინაციაზე - მთავრობის მიერ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობები და პლიუს ტრენინგის კომპონენტი, როდესაც იზრდება კვალიფიკაცია სწორედ იმ მიმართულებით, სადაც არსებობს შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საგრანტო კომპონენტის გააქტიურება“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ ის ხალხი, რომელიც მსგავს კატეგორიას განეკუთვნებ, ისევ მოლოდინის რეჟიმში რჩება.
„ახლა მთავარი მესიჯი არის ეს - თუ შემოვა სიცოცხლისუნარიანი წინადადება, ჩვენ დავაფინანსებთ, მაგრამ ვერ შემოდის იმ ხარისხის სიცოცხლისუნარიანი წინადადება, რომელიც კრიტერიუმით დაფინანსებადია. ჩვენ შეგვიძლია ამ მოცემულობაში გავაგრძელოთ ცხოვრება და ვთქვათ, რომ პირნათელი ვართ საბაზრო ეკონომიკის უზენაესი პრინციპების მიმართ და ვიყოთ ამ მოცემულობაში ძალიან დიდხანს, ან გადავდგათ ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ სიცოცხლისუნარიანი წინადადებების მქონე ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს და საკრედიტო კომპონენტთან მისვლამდე, საგრანტო კომპონენტმაც გარკვეული როლი ითამაშოს ამაში. ეს ყველაზე რთულია, ყველაზე დიდი რისკების შემცველია, ამიტომ არავის უნდა ამას ხელი მოკიდოს. მთავრობამ უნდა მოკიდოს ამას ხელი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ ესენი თვიდან ოცი დღე მივლინებაში არიან, სამწუხაროდ და როდესაც მათ ვუკავშირდებით, ეს პროცესები იწელება. მივლინებაში სიარულები ძალიან კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ფუნქციონირებად სამინისტროს ტოვებ და იქ არ წყდება ის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო–საგარანტიო სქემა დღეიდან ამოქმედდა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 29 მარტს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა. როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, ამ პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამასთან, მთავრობა ირწმუნება, რომ პროგრამის განხორციელება ეკონომიკის დაკრედიტებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამა 20 მილიონი ლარით ფინანსდება.

























