პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში უფრო ცხადად უნდა განემარტა, რას გულისხმობს ახალი ეკონომიკური მოდელი.
„საკმაოდ ამბიციური სათაური ჰქონდა ამ ნაწილს. ახალი ეკონომიკური მოდელი ალბათ, არ შემოიფარგლება იმ ჩამონათვალით, რაც წარმოდგენილი იყო და სამომავლოდ საჭირო იქნება უფრო მეტი გარკვეულობა. ვისურვებდი, რომ მომავალში უფრო მეტი გამოხმაურება ყოფილიყო სწორედ იმ პროცესებთან, რომელთაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოების მოთხოვნა დაგვანახეს. ეს იყო გამოსვლა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა, თუ რა კეთდება, მაგრამ კვლავ რჩება შეკითხვა - ეს ყველაფერი, რაც კეთდება, სად არის იმ საკმარისობის ზღვარი, რომლითაც ჩვენ საზოგადოებას ველაპარაკებით, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვისთანაც ეს არ მიდის“, - განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, კაკულიამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ცუდი არ იქნებოდაიმ კონტექსტის გათვალისწინება, რაც ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით გამოიკვეთა საზოგადოებაში მოთხოვნების სახით.
„ამ ანგარიშში რამდენად იყო ყველაფერი დანახული, აქ შეიძლება, შეკითხვები მქონდეს. ამაზე მინდა მეტად დავფიქრდეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებში მან ის კონკრეტული ღონისძიებები დაასახელა, რომელიც გატარდა, თუმცა გამოწვევები რჩება“, - აღნიშნა მან.

























