ფინანსთა მინისტრის 31 მაისს გამოცემული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც "ოქროს სიის" 218 კომპანიისთვის გადასახადების 30–დღიანი ვადა 5 დღემდე შემცირდა, ბიზნესის მსგავსად შეთანხმებული არც კანონმდებლების ნაწილისთვის ყოფილა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიაჩნია, რომ ზოგადად "ოქროს სია" არ უნდა არსებობდეს, თუმცა მას შენიშვნები ძირითადად ვადის გონივრულობასთან და სათანადო კომუნიკაციის არარსებობასთან დაკავშირებით აქვს.
"იყო აქცენტი ევროპულ რეგულაციაზე, ევროპულ პრაქტიკაზე, ამას ვეთანხმები. ვადის გონივრულობამ წამოიწია წინა პლანზე და არა თავად შინაარსმა. ვადის გონივრულობას არ ვეთანხმები, თავად შინაარსი ალბათ უნდა მივიღოთ. "ოქროს სიები" არ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ერთიანი მიდგომა, მაგრამ ადაპტაციის პერიოდი ყველასთვის მნიშვნელოვანია.
ჩემი შეთავაზება მათთვისაც არის ის, რომ ზოგადი განცხადებები, რომ იყო კომუნიკაცია ბიზნესთან, შეიძლება დაფიქსირდეს ხოლმე კონკრეტული შეხვედრებით, წარმომადგენლობის დაფიქსირებით. როდესაც არ იქნება აბსტრაქტული განმარტება, არამედ იქნება ვადა, რომელიც მიანიშნებს გონივრულობაზე.
ამ ყველაფრის ვიზუალური მხარის წინა პლანზე წამოწევა, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებების დროს არის მნიშვნელოვანი. ვღებულობთ სიტუაციას, როდესაც შინაარსი გადადის უკანა პლანზე და წინა პლანზე იწევს პროცედურა. ეს პროცესი ძალიან არასახარბიელოა", - აცხადებს Bm.ge-თან რომან კაკულია.

























