რომან კაკულია: სოციალური დახმარების პაკეტს რეორგანიზაცია სჭირდება
მარიამ ადამია
28.01.19 11:10
• 795
სოციალური დახმარების პაკეტი არ შეიძლება იმ ფორმით დარჩეს, რა ფორმითაც ის დღეს ფუნქციონირებს - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
კაკულია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დახმარებას მხოლოდ შრომის უნარის არ მქონე ადამიანები უნდა იღებდნენ.
„ეს უნდა განხორციელდეს მცირე მთავრობის პერიოდში. ეს არ არის პროცესი, რომელზეც მუშაობა დღესვე შეიძლება, დაიწყოს. ამას წინ სამთავრობო სტრუქტურების რეალური შემცირება უნდა უძღოდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ კომპეტენტური, ღირსეული ანაზღაურების მქონე, ნამდვილად მცირე სახელმწიფო სექტორი, რომელიც მუშაობს არა იმაზე, რომ კვალიფიკაცია დაიგროვოს და კერძო სექტორში გაიქცეს, არამედ - სახელმწიფო მოხელედ ჩამოყალიბებაზე. ამავდროულად, აუცილებელია დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაიხედოს სოციალური დახმარების პაკეტი და ეჭვი არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მიიღოს სოციალური დახმარება. ამის შემდეგ შეიძლება, მისვლა უკვე უმუშევრობის კომპენსაციამდეც“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, თუ მთავრობა საზოგადოებას სახელმწიფოს ეკონომიკურ მოდელს მკაფიოდ არ გააგებინებს - რას სთავაზობს, როგორია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი თუ არ დამთავრდება, მაშინ მთავრობის შემცირებაზე, კვალიფიციურად ჩატარებულ რეორგანიზაციაზე და უმუშევრობის კომპენსაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან კაკულიას აზრით, საზოგადოების მხრიდან ნდობა არ იქნება.