მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ინვესტიციებზე: "ამ ინვესტიციას დამატებითი ღირებულების შექმნა არ შეეძლო"

584576775acc2
დავით ჯალაღონია
05.12.16 18:15
1575
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასებით, მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ ინვესტიციას დამატებითი ღირებულების შექმნა არ შეეძლო.

ასე აფასებს რომან კაკულია „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის წილის დაბალ მაჩვენებლებს.

„ის ინვესტიცია სოფლის შოკიდან გამოყვანის მიზნით იყო. არავის შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ის მდგომარეობა, რა იქნებოდა, ეს რომ არ განხორციელებულიყო.

დარწმუნებული ვარ, მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. მშპ-ზე მოქმედებს ის, როცა შენ დამატებითი ღირებულების შექმნა შეგიძლია. ეს არ იყო ინვესტიცია, რომელსაც დამატებითი ღირებულების შექმნა შეეძლო. ამას მხოლოდ თვითდასაქმებულების რიცხვი შეეძლო, გაეზარდა“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ "ადამიანები გადარჩნენ" 

რაც შეეხება სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს, კაკულია მიიჩნევს, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობის სოციალური პროგრამების დაფინანსება უნდა შეამციროს.

"რა თქმა უნდა, უნდა შეამციროს, მაგრამ ყველაფერს რესურსები უნდა. ყველაზე რთულ რამეს ახერხებდა ეს მთავრობა, დაებალანსებინა ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი თემა - ეკონომიკური განვითარების ინვესტიციები და სოციალური დაცვის პროგრამებში ინვესტიციები“, - აღნიშნა კაკულიამ.

ცნობისთვის, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მშპ-ის სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი კლებადი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წელს ამ დარგის წილმა 9.4% შეადგინა, 2014 წელს - 9.3%, 2015 წელს კი 9.1%.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 2016 წელთან შედარებით დაახლოებით, 62 მილიონი ლარით მცირდება და 258 მილიონს შეადგენს. ამასთან, მთავრობა ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომელიც რეგიონიდან დედაქალაქის მიმართულებით მიგრაციის პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები