მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულიას ანტიდემპინგური კანონის შესახებ კონსულტაციების დაჩქარება სურს

5b9b44fd50f9c
დავით ჯალაღონია
14.09.18 09:18
892
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ანტიდემპინგური კანონის მიღებას მხარს უჭერს.

როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, იგი უკვე ესაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და ასევე, პრემიერისთვისაც ცნობილია მისი პოზიცია.

„მე უკვე მივდივარ იმ აზრზე, რომ ჩემი გუნდის წევრებს უფრო პოზიტიურად დავანახო ამ კანონის აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოწვევებსაც ვხედავ, რომ ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, მისი ბოროტად გამოყენების ტენდენციები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა ავწონ-დავწონოთ“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ კონსულტაციები კერძო სექტორთანაც დაიწყება.

გარდა ამისა, მან ანტიდემპინგური ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრისას რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჩემთან მეტალურგიული ქარხნის დირექტორი იყო, ვიცით ასევე ცემენტის ქარხნის შემთხვევა, გვახსოვს აგარის ქარხნის შემთხვევაც, თუმცა იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისუფალი ბაზრის პირობებში ნებისმიერი ამკრძალავი ღონისძიება ნეგატიურ კონტექსტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ჩვენი წარმოება თუ არ დავიცავით, საიდან შევქმნით ვალუტის იმ შემოდინებას, რომელმაც ჩვენი ვალუტის ბალანსი უნდა გააკეთოს შემდგომ?“, - აღიშნა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ წელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე ანტიდემპინგური კანონის მიღება არ ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები