პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი ინკლუზიურ პოლიტიკაზე გათვლილი არ არის.
„ჩემი ძირითადი შენიშვნა ბიუჯეტის მიმართ არის ის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ინკლუზიურობის განხორციელების ინსტრუმენტებს არსებულ ბიჯეტში. მე მექნება ძალიან სერიოზული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ასახული თანხები იმ საგარანტიო-საკრედიტო ფონდისთვის, რომელზეც ჩვენ წინა წელს ვსაუბრობდით. მაშინ მინისტრის ცვლილება მოხდა. მე ახალ მინისტრთან ვისაუბრე ამის შესახებ, არ მქონია დეტალური შეხვედრა, მაგრამ ეს შესაძლოა, ჩემგან იყოს კატეგორიული მოთხოვნა, რადგან ჩვენ ინკლუზიურობის მიღწევის ინსტრუმენტები რა გვრჩება, თუ ხელმისაწვდომობის თემას ძალიან სერიოზულად არ ავამუშავებათ“, - განაცხადა კაკულიამ BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ მხოლოდ რეგულაციებით და ტრენინგებით ინკლუზიური პოლიტიკის ფარგლებში დასახული შედეგები არ მიიღწევა.
გარდა ამისა, რომან კაკულიას აზრით, არსებულ პროექტში არ არის გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
„ჩვენ მალე ენერგოეფექტურობის შესახებ კანონს ვღებულობთ და ძალიან ბევრი ვალდებულება, ბევრი მნიშვნელოვანი თემის გაკეთება გვაქვს გაწერილი. სად ჩანს ეს ბიუჯეტში?“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ამ მხრივ დეპუტატი ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებს.
„მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებულია, მართალია კონსერვატიულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, წესრიგშია. ბევრი სამინისტროსთვის დაფინანსების ზრდა გვაქვს, ასევე ძალიან პოზიტიური ცვლილებებია თავისუფლების აქტში“, - მიიჩნევს რომან კაკულია.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით, 270 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 729 მილიონ ლარს მიაღწევს. 2019 წლის ბიუჯეტი 4,5% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ეს პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, კიდევ უფრო პოზიტიური მიმართულებით გადაიხედოს. IMF-თან მთავრობის შეხვედრა მომავალი კვირის განმავლობაში იგეგმება.

























