მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ გუნდთან აქვს მოგების მეტი შანსი საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე? - ლევან სალუქვაძის მოსაზრება

სალუქვაძე

14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში საზეიმოდ გაიხსნა. სულ მალე კი, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, პირველად ისტორიაში, EURO2024-ზე იასპარეზებს და თურქეთის გუნდს დაუპირისპირდება. ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველომ შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს სძლია.

როგორც სპორტული კომენტატორი, ლევან სალუქვაძე BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, რომ საბერძნეთის ნაკრების დამარცხება ქართული გუნდისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო, რადგან EURO2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში, სწორედ საბერძნეთის ნაკრებს ექნებოდა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი.

"წინასწარ არ ვარ ისე განწყობილი, რომ, თუ ვინიცობაა, და ჯგუფიდან ვერ გავედით, ეს ტრაგედია იქნება - ასე განწყობილი ხალხიც არის, ვინც ემზადებიან ჩვენი დამარცხებისთვის, მერე რომ თქვან, აი, "შემთხვევით გავედითო". შემთხვევით ვერავინ ვერსად გავა, არ არსებობს ტურნირი, სადაც შეგიძლია შემთხვევით გახვიდე.

მეტიც, საბერძნეთის ნაკრები რომ უკვე "ავიგდეთ" ბევრმა, თითქოს ისეთი არავინ დაგვიმარცხებია, ვიტყოდი, რომ საბერძნეთმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომ, ევროპაზე რომ გასულიყო, ვიტყოდი, ჯგუფიდან საბერძნეთი უნდა გავიდეს-თქო, თურქებზე და ჩეხებზე ნაკლები არაფრით არიან, თუ მეტი არა. ამიტომ, რადგან ჩვენ ეს გუნდი დავამარცხეთ, თანაც დავამარცხეთ მენტალურ ბრძოლაში, ღირსეულად ვართ ევროპაზე", - აღნიშნავს ლევან სალუქვაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთადაა. სპორტული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაკრებს მოგების ყველაზე დიდი შანსი სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში აქვს.

"თბილისის დინამო მახსოვს დიდი ხანია, ხშირად ამბობენ ხოლმე და გაგვიგია, 1981 წელს [UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასი] ვის მოუგესო, არადა, ვინც გინდა ყოფილიყო, მოვუგებდით - მაგრამ არ უნდა ყოფილიყო გერმანული ყაიდის გუნდი, მათთან ყოველთვის გვიჭირდა.

საქართველოს საფეხბურთო მონაცემების მიხედვით, უფრო გვიადვილდება არაგერმანული ტიპის გუნდებთან, ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ფეხბურთელების გარეშე. ჩეხები, ფაქტობრივად, გერმანული ყაიდის გუნდია: მაღლები, ჯინიანები, ორთაბრძოლების გამმართველები თავიანთი ჩაწოდებებით. არ ვფიქრობ, რომ ჩეხებთან განწირულები ვართ, მეტიც, შემადგენლობას რომ ჩავხედოთ, თურქეთს შეიძლება, უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდეს, მაგრამ ჩვენნაირი ტიპის გუნდია, მეტი შანსი გვაქვს, მოვუგოთ", - ამბობს ლევან სალუქვაძე.

საქართველოს სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები