მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კანდიდატს რამდენი ლარი დაუჯდა ერთი ხმის მიღება

5bd868178861d
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.18 18:30
3604
28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ხმა 1,637,956 ადამიანმა მისცა. მათმა 61.36%-მა ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა, რითიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიისთვის საერთო ჯამში დაახლოებით 7 მილიონი ლარი დახარჯეს. აქედან ყველაზე მეტი ხარჯი ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიღო. მისი კამპანიის ბიუჯეტმა 4.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი - 3.3 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანია მხოლოდ კერძო შემოწირულობებით არ ფინანსდებოდა, მან 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან 1 მილიონი ლარის სესხი აიღო. ამასთანავე, პოლიტიკური შემოწირულობების 2/3-ზე მეტი სწორედ ივანიშვილმა მიიღო.

თუ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯულ თანხას, მათ მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას შევადარებთ, ვნახავთ რომ ერთი ხმის მოპოვება ყველაზე ძვირი სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჯდა.

სალომე ზურაბიშვილმა 615,660 ხმა (38.6%) მიიღო, მისი საარჩევნო კამპანიის დეკლარირებული ხარჯების ამომრჩეველთა რაოდენობაზე შეფარდების შემთხვევაში გამოდის რომ მას ერთი ხმა 6 ლარი და 69 თეთრი დაუჯდა. ამაზე 2.7-ჯერ ნაკლები დაუჯდა ერთი ხმის მიღება გრიგოლ ვაშაძეს. დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას ხმა საშუალოდ 5 ლარი დაუჯდა.

კანდიდატების ხმები ასე ნაწილდება - ზურაბიშვილი 38.6%, ვაშაძე 37.7%, ბაქრაძე 10.9%, ნათელაშვილი 3.7%, უსუფაშვილი 2.26%, ჯაფარიძე 2.26%. სხვაობა ჯაფარიძესა და უსუფაშვილს შორის მხოლოდ 3 ხმას შეადგენს.




შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მმართველმა პარტიამ საარჩევნოდ გარკვეული მოცულობით ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის რეალური ხარჯები შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე ეს მის ოფიციალურ დეკლარაციაშია მითითებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები