საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში, უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
BMG დაინტერესდა, რა კომპანიებს ფლობენ პირები, რომლებსაც კონკურენციის სააგენტომ გაერთიანების უფლება მისცა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა ლურსმანაშვილი საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და რეალიზატორთა ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელია. პირი ასევე ფლობს შპს რეპსოლის 100%-ს, შპს ექსას 50%-ს, შპს ოქტანის 100%-სა და შპს ნათიანას 50%-ს. ყველა კომპანია ნავთობპროდუქტების ბაზარზე ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ შპს „რეპსოლს“, რომლის წილის 100%-ს ლურსმანაშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი ზურაბ ნოზაძეა 2023 წლის დეკემბერში უკვე აქვს კონკურენციის სააგენტოს ნებართვა 1 კონცენტრაციაზე. მაშინ, ნებართვა საავტომობილო საწვავით მოვაჭრე შპს „რეპსოლსა“ და შპს „იბერკომპანიზე“ გაიცა, რომელიც ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე მოქმედებდა. "იბერკომპანი" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის, თუმცა ამჟამად წილის მმართველი და დირექტორი ლევან დიასამიძეა.
რაც შეეხება კონცენტრაციაში მონაწილე ორ პირს, შალვა და ნოდარ ხუხაშვილებს, ისინი ნავთობკომპანია "პორტალის" 50/50%-იანი წილების თანამფლობელები არიან. თავის მხრივ "პორტალს" შპს პ3 ფლობს.
ასევე, პირები ფლობენ შპს მწვანე მუხებს, შპს ტერმინალ ა-ს, შპს ცენტერიუმ-ს, შპს ავტო კოლექცია-ს, შპს სითი ისთეითი-ს, შპს ქართული წვენს და შპს ვოლსი-ს.