„დიდი დრო დაგვჭირდა, აგვეხსნა, რას ნიშნავს ღამის ეკონომიკა“, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ანალიტიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებას სპონტანური ხასიათი არ ჰქონდეს.
ამ მიზნით, თბილისმა ღამის ეკონომიკის პირველ საერთაშორისო ფორუმსაც უმასპინძლა და როგორც სერგი გვარჯალაძე ამბობს, კონკრეტული ქალაქების მაგალითებზე, თანმიმდევრული ადგილობრივი პოლიტიკის წარმოება გაცილებით უფრო მარტივი იქნება.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, გამოცდილებები საშუალო ტიპის ქალაქებში, მაგალითად, ვილნიუსში, რადგან ფაქტიურად ამ ქალაქსაც პოსტ–საბჭოთა ისტორია აქვს. ჩვენ გვაინტერესებს: როგორ არის ორგანიზებული საერთოდ ღამის ეკონომიკა, ვინ არიან ღამის მერები, როგორი ფორმები არსებობს ურთიერთობის, როგორი ფორმები არსებობს კომუნიკაციის... რა როლი აქვს, მაგალითად, იგივე კრეატიულ ინდუსტრიას და ყველაზე მნიშვნელოვანი – იმისთვის, რომ ვიყოთ პრაქტიკულები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები,“ – ამბობს სერგი გვარჯალაძე.
„ანალიტიკის“ კითხვაზე - თუკი ამდენი ინტერესის სფეროა, მაშინ რას ეფუძნება კონკრეტულად ღამის ეკონომიკის ის კონცეფცია, რომლის მონახაზის არსებობაზეც თბილისის მერიამ უკვე განაცხადა, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა პასუხად განაცხადა, რომ გასავითარებელი მიმართულებების პირველადი ჩამონათვალი, რაც კონცეფციას უდევს საფუძვლად, ძალიან ვრცელია და ახლა მუშაობა სწორედ კონკრეტული პრიორიტეტების გამოკვეთის მიმართულებით მიმდინარეობს.