სენტიმილიონრების რაოდენობა, ანუ ადამიანების, რომელთა ქონების ღირებულებაც, მინიმუმ, $100 მლნ-ად არის შეფასებული, ბოლო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა.
Henley&Parnetrs-ის კვლევის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 28 420 სენტიმილიონერი ცხოვრობს, რაც გასულ წელზე 12%-ით, ხოლო 2003 წელზე 2-ჯერ მეტია.
სენტიმილიონერთა რაოდენობის ზრდა ფინანსური აქტივების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, რამაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაფრის, მათ შორის უძრავი ქონების, კერძო კომპანიებისა და ხელოვნების ნიმუშების ღირებულება გაზარდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც სუპერ მდიდარი ადამიანების გამრავლებას შეუწყო ხელი, ტექნოლოგიური ქონების აღზევებაცაა, რაც თავს განსაკუთრებით აშშ-ში იჩენს.
Forbes-ის თანახმად მსოფლიოში მილიარდელთა რაოდენობა 2003 წელს 500 ადამიანიდან, 2023 წელს 2 600 ადამიანამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა და ამის საპასუხოდ დაბეჭდილი ფულის გაზრდილმა რაოდენობამ, ასევე 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა, თავად ფულის ღირებულებაც შეამცირა, რის გამოც სენტიმილიონერების რაოდენობა, დიდი ოდენობით დოლარის ქონის ხარჯზე, გაიზარდა.
კვლევის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი სენტიმილიონრების უმრავლესობამ ქონება საკუთარი კომპანიის დაწყებით, ან სტარტაპების დაფინანსებით მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ აშშ დომინანტი სახელმწიფოა ენტრეპრენერებისა და სენტიმილიონრებისათვის.
რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი სენტიმილიონერი?
- ამერიკის შეერთებული შტატები - 10 660
- ჩინეთი - 2 358
- გერმანია - 1 050
- ინდოეთი - 1 035
აღსანიშნავია, რომ სენტიმილიონერ მოსახლეობათა ყველაზე დიდი წილი 38% აშშ-ს ქალაქებში ცხოვრობს. რაც შეეხება იმ ქალაქთა TOP 10-ეულს, სადაც ყველაზე მეტი სუპერ მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, ის ასე გამოიყურება:
- ნიუ-იორკი - 775
- კალიფორნიის ბეი არეა - 692
- ლოს ანჯელესი - 504
- ლონდონი - 388
- პეკინი - 365
- შანხაი - 332
- სინგაპური - 330
- ჰონგ-კონგი - 305
- ჩიკაგო - 286
- პარიზი - 280
თუმცა დაბალი საპროცენტო განაკვეთი უკვე წარსულს ჩაბარდა და ნავარაუდებია, რომ სენტიმილიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპიც შენელდება. კვლევა პროგნოზირებს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მინიმუმ $100 მლნ-ად შეფასებულ ადამიანთა რაოდენობა მხოლოდ 38%-ით, 39 000-მდე გაიზრდება.