მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქუჩებზე აიკრძალება/შეიზღუდება ხვალ მოძრაობა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო?

ჯასტინ ტიმბერლეიკი

23 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიება კომპანია „Starring Georgia“-ს ორგანიზებით ტარდება.

თბილისის მერიის ცნობით, მოძრაობა 23 ივლისის 13:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე სხვადასხვა ქუჩაზე სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალება.

კერძოდ, სრულად აიკრძალება მოძრაობა:

  • აკაკი წერეთლის გამზირზე მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარედ – მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე;
  • დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან – შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე;
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის, არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე.

შეზღუდული იქნება ასევე მოძრაობა:

  • ფოთის და ბათუმის ქუჩებზე წერეთლის გამზირზე მოსახვევად;
  • თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით;
  • გორის და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით;
  • დავით აღმაშენებლის გამზირზე გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან თამარ მეფის ქუჩამდე;
  • მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე;
  • ფოთის ქუჩაზე – ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე.

შეზღუდვები შეეხება ასევე შემდეგ მონაკვეთებს:

  • ფიფიების, ბათუმის და გორის ქუჩებიდან წერეთლის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით;
  • ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო წერეთლის გამზირზე – ქუთაისის ქუჩის გავლით;
  • ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩასა და ბაგრატიონის ხიდისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარჯვნივ მოხვევით;
  • თამარ მეფის გამზირიდან წერეთელზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და ცვლილებები

ტრანსპორტის შეზღუდვის გამო 23 ივლისს თბილისის რამდენიმე ავტობუსისა და მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება.

განსხვავებული გზით იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები:
N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 – ისინი წერეთლის გამზირის ნაცვლად იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის და გამსახურდიას გამზირის გავლით.

დამატებით, შემდეგი მარშრუტები მგზავრებს მოემსახურებიან თამარ მეფის გამზირის გავლით:

  • N320, N327, N386, N381, N315 და N384;
  • ხოლო N306, N308 და N311 იმოძრავებენ ვარაზისხევის საშუალებით.

მიკროავტობუსების ახალი სქემები:

  • N541, N551, N536 და N431 იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით;
  • N541 – მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გმირთა მოედანს;
  • N551 – მიროტაძის ქუჩიდან პეკინის გამზირს დაუკავშირდება;
  • N536 – გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირზე იმოძრავებს;
  • N431 – შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.

მიკროავტობუსი N476 იმოძრავებს შარტავას ქუჩიდან მიროტაძის, პეკინის და გამსახურდიას ქუჩების გავლით.
N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“,
N538 კი მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება კვინიტაძის ქუჩას და გააგრძელებს დადგენილ მარშრუტს.

ტრანსპორტი 24 ივლისის 02:00-მდე იმუშავებს

მგზავრთა მომსახურების უზრუნველსაყოფად, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები —
N381, N315, N320, N311, N327, N308, N306, N384, N386 — და მეტრო მგზავრებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები