მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაშია UNESCO-ს მიერ დაცული ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?

UNESCO

ქვეყანა, საიდანაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ყველაზე მეტი ძეგლია ხვდება, იტალიაა - UNESCO-მ 2023/24 წლის სია ახლახან განაახლა, რის შემდეგაც იტალიის კულტურულ ძეგლთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ამის შესახებ Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იტალიის უახლესი დამატება 800 კმ-იანი Via Appia გახდა, რომელსაც UNESCO “უძველესი რომაელების მიერ აშენებულ მსოფლიოს უძველეს და უმნიშვნელოვანეს გზას” უწოდებს.

ამასთან, 2023 წელს იტალიის გამორჩეული ტურისტული მიმართულება - ვენეცია - განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლების სიის კანდიდატად იყო აღიარებული: ათწლეულზე მეტია, ქალაქის ადმინისტრაციას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დამცავი ზომების შემუშავებისა და ჭარბი ტურიზმის პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ, რისთვისაც მიმდინარე წელს ვენეციამ ქალაქის ტურისტული მოსაკრებელიც დააწესა. ამის მიუხედავად, ვენეცია კვლავ რჩება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იტალიის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი - 60 - ძეგლი ჩინეთშია დაცული. მათგან ორი - პეკინის ცენტრალური ღერძი (გზა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადის) და ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებული ბადაინ-ჯარანის უდაბნო - სიას წელს დაემატა.

რეიტინგში მესამე ადგილს გერმანია იკავებს, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც წელს კიდევ ერთი, 54-ე ძეგლი შეემატა. UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობად შვერინის ციხე შეიყვანა, რომელიც შვერინის ტბის მთავარ კუნძულზე მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. იტალია - 60
  2. ჩინეთი - 59
  3. გერმანია - 54
  4. საფრანგეთი - 53
  5. ესპანეთი - 50
  6. ინდოეთი - 43
  7. მექსიკა - 35
  8. დიდი ბრიტანეთი - 35
  9. რუსეთი - 32
  10. ირანი - 28

რაც შეეხება საქართველოს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 4 ქართული ძეგლი ხვდება:

  1. მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)
  2. გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)
  3. ზემო სვანეთი (1996 წ.)
  4. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები