კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი კახა შენგელია, ბიზნესმენ გია პირადაშვილთან ერთად ღვინის წარმოებას იწყებს. პარტნიორებმა კომპანია “შატო მერე ვაინს” ერთი წლის წინ დააფუძნეს, რომელიც რამდენიმე კვირაში ახალ ღვინოს “ჯანიანის” სახელით ჩამოასხამს.
გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სამეწარმეო მიმართულებით თავისი ინტერესების გაფართოების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ჯანიანი” საქართველოს გარდა დასავლეთის ქვეყნებში პოზიციონირებას შეეცდება.
“მთელი ცხოვრება განათლებაში ვერ ვიქნები, ამიტომ ვფიქრობ, გამოსვლასავით გავაკეთო. ყველაზე ახლოს ჩემთან რაც არის ესაა ღვინო, სასტუმრო, ხალხთან ურთიერთობა. გია პირადაშვილი ახლო მეგობარია. ახალი ღვინის ჩამოსხმა ჩემი იდეა იყო და მასთან ერთად დავხვეწე. შედეგად რამდენიმე კვირაში ჩვენს ღვინოს ჩამოვასხამთ, რომელსაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში გავყიდით.
უცხოეთში ძალიან ბევრი კონტაქტები მაქვს და ბევრი კარის გაღება შეგვიძლია, შესაბამისად ნებისმიერ რამეს გავყიდით. ვფიქრობთ, ევროპა და ამერიკა იქნება ჩვენი მთავარი ბაზარი, თუმცა არ გამოვრიცხავ ინდოეთს და ჩინეთს, რადგან ეს ქვეყნები ღვინის მოხმარების კუთხით სწრაფად მზარდი მიმართულებებია.
მარტივი არაფერი და ყველაფერი დიდი შრომის ფასად მოდის, ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ფიქრში, თუ როგორ გავყიდოთ ღვინო საერთაშორისო ბაზარზე, იმისთვის რომ ჩვენს სახელს და ღვინოს, რომელიც ძალიან მაგარ ბოთლში ჩამოისხმევა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაშიც იცნობდნენ”, - აღნიშნა კახა შენგელიამ.
აღსანიშნია, რომ კახა შენგელიას და გია პირადაშვილის ახალი ღვინო “ჯანიანი” პირველ ჯერზე 35 000 ბოთლის რაოდენობით ჩამოისხმევა. გაყიდვების ტენდენციაზე დაკვირვების შედეგად კი პარტნიორები წარმოების მოცულობების გაზრდასაც გეგმავენ.