მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია "მეცამეტე ხელფასის" გაცემა სავალდებულო?

მეცამეტე ხელფასი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამსაქმებლების მიერ ყოველწლიური ბონუსის, ე.წ. მე-13 ხელფასის გაცემა მიღებული პრაქტიკაა. მე-13 ხელფასი ერთი თვის ხელფასის, ანუ თანამშრომლის წლიური ანაზღაურების 1/12-ის ეკვივალენტია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს კანონითაა სავალდებულო, ზოგან კი - თანამშრომლის წახალისების გავრცელებული ფორმაა. ლათინურ ამერიკაში მე-13 ხელფასი დასაქმების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ეს დამატებითი თანხა არ წარმოადგენს ე.წ. "პერფორმანს ბონუსს" (შესრულებაზე დაფუძნებულ პრემიას); ეს არის დამატებითი თვის ხელფასი, რომელიც არ არის მიბმული თანამშრომლის მიერ მიღწეულ მაჩვენებლებზე. ბევრი ბიზნესი წლიური ხელფასის განსაზღვრისას ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს. ანაზღაურება, როგორც წესი, წლის ბოლოს, შობა-ახალი წლის პერიოდში გაიცემა.

ესპანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, მე-13 თვის ხელფასი ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ, თუ ეს შრომით ხელშეკრულებაშია გაწერილი.

საიდან იღებს სათავეს?

მე-13 ხელფასის პრაქტიკა სათავეს ფილიპინებიდან იღებს, სადაც პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა 1975 წელს ის კანონად აქცია.

მას შემდეგ ესპანეთის ყოფილმა კოლონიებმა, მათ შორის ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ, დაბალი მინიმალური ხელფასის კომპენსირების მიზნით, მე-13 თვის ბონუსის გაცემა დაიწყო. თავდაპირველად ის საშობაო საჩუქარს წარმოადგენდა, რათა მუშებს გადასახადებზე არ ენერვიულათ და დღესასწაულები მშვიდად აღენიშნათ.

რომელ ქვეყნებში მოქმედებს მე-13 ხელფასი?

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბონუსი ძირითადად ფილიპინებთან ასოცირდება, ის ფართოდ არის გავრცელებული ლათინურ ამერიკასა და ევროპაშიც.

ქვეყნები, სადაც მე-13 ხელფასი სავალდებულოა: არგენტინა, ბრაზილია, კოსტა-რიკა, სალვადორი, გვატემალა, მექსიკა, საბერძნეთი, პორტუგალია, იტალია, ინდონეზია, საუდის არაბეთი.

ქვეყნები, სადაც ეს მიღებული პრაქტიკაა (თუმცა არა ყველა შემთხვევაში სავალდებულო): ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, ჰონკონგი, სამხრეთ აფრიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი.

თითოეულ ქვეყანას გადახდის ოდენობასა და ვადებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციები აქვს.

შეერთებულ შტატებში დამსაქმებლებს მე-13 ხელფასის გაცემა არ ევალებათ. ვინაიდან აშშ-ში მოქმედებს "ნებისმიერ დროს შეწყვეტადი" (at-will) დასაქმების პრინციპი, არ არსებობს კანონი, რომელიც დამსაქმებელს წლის ბოლოს რაიმე სახის დამატებითი თანხის გადახდას ავალდებულებს.

როდის გაიცემა ანაზღაურება?

ვადები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ნიდერლანდებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ეს წლიური ხელფასის სავალდებულო კომპონენტი არ არის, თუმცა დამსაქმებლები ხშირად ითვალისწინებენ მას შრომით ხელშეკრულებაში და საშობაოდ გასცემენ.

ესპანეთში ანაზღაურება სავალდებულოა და ორ ნაწილად იყოფა (ტექნიკურად მე-13 და მე-14 ხელფასებად): ერთი ივლისში გაიცემა, მეორე კი - კალენდარული წლის ბოლოს.

ანალოგიურად, კოლუმბიაშიც ბონუსი ორად იყოფა: ნახევარი ზაფხულში (ივნისისკენ), ნახევარი კი დეკემბერში, შობას გაიცემა.

ბრაზილიასა და მექსიკაში გადახდა კანონით სავალდებულოა და, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ის დეკემბერში უნდა განხორციელდეს.

დაანგარიშების წესი

უმეტეს ქვეყნებში მე-13 თვის ხელფასი თანამშრომლის ერთი თვის საბაზო ანაზღაურებას უდრის. ის არ უნდა მოიცავდეს დანამატებს, ღამის ცვლის ტარიფებსა და სხვა ფულად სარგებელს. თუ თანამშრომელს სრული კალენდარული წელი არ უმუშავია, მისი წლიური საბაზო ხელფასი უბრალოდ 12-ზე იყოფა. მაგალითად, თუ თანამშრომელი წლიურად $48,000 დოლარს გამოიმუშავებს, ფინანსური წლის განმავლობაში ის $4,000 დოლარის ბონუსს მიიღებს.

ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ფილიპინებში) მე-13 თვის ხელფასი ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდება გადასახადებისგან.

ვის ეკუთვნის მე-13 თვის ხელფასი?

იმ ქვეყნებში, სადაც ეს სისტემა მოქმედებს, ბონუსი ეკუთვნის ყველა დაქირავებულ თანამშრომელს, მათ შორის:

ახალბედებს, ანაზღაურებად სტაჟიორებს, შტატში მყოფ თანამშრომლებსა და სათანადო დოკუმენტაციის მქონე უცხოელ დასაქმებულებს.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მე-13 თვის ხელფასს, როგორც წესი, ვერ იღებენ: მენეჯერული რგოლი, საჯარო მოხელეები, საკომისიოზე მომუშავეები, ფრილანსერები და დამოუკიდებელი კონტრაქტორები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიებისთვის გადახდა სავალდებულო არ არის, კომპანიების უმეტესობა წლის ბოლოს მაინც გასცემს გარკვეულ ბონუსს. ეს თანამშრომლების მოტივაციას ზრდის და კომპანიას სამუშაოს მაძიებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები