ხელოვნური ინტელექტის ბუმმა ამერიკული საფონდო ბაზრის იერარქია კარდინალურად შეცვალა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიებთან მჭიდროდ დაკავშირებულმა სექტორებმა დრამატულად აჯობა S&P 500 ინდექსის მაჩენებელს, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში 80%-იანი ზრდა აჩვენა. Deutsche Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ChatGPT-ის გაშვებიდან დღემდე, საკომუნიკაციო მოსმახურების სფერო აბოსლუტური ლიდერი გახდა, რომელმაც ინვესტორებს 185%-იანი უკუგება მოუტანა. აღმავლობის ასეთი ტემპი დიდწილად Meta-ს აქციების ღირებულების თითქმის ხუთმაგმა მატებამ განაპირობა, რაც ციფრული პლატფორმების AI-სთან ინტეგრაციის წარმატებაზე მიუთითებს.
მას კვალდაკვალ მიჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი 157%-იანი ზრდით. ეს ორი სექტორი, ჩიპების მწარმოებლებთან და ღრუბლოვან პროვაიდერებთან ერთად, AI-ის ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურულ ხერხემალს წარმოადგენს, რაც მათ კაპიტალის უდიდესი ნაკადის მიღების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია სამომხმარებლო დისკრეციული სექტორის , ანუ არასასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის, 78%-იანი ზრდაც, რომელიც, მართალია, ჩამორჩა ტექნოლოგიურ გიგანტებს, მაგრამ მაინც შეძლო ბაზრის ზოგადი ტემპის შენარჩუნება. ეს შედეგი აიხსნება იმ ციფრული პლატფორმების წარმატებით, რომლებიც ირიბად იღებენ სარგებელს AI-ით გამოწვეული ოპერაციული ეფექტიანობის ზრდით.
ზოგადი სექტორული ანალიზის მიღმა, კონკრეტული კომპანიების შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავ სურათს ხატავს. არცერთ ინდუსტრიას არ მიუღია ისეთი სარგებელი AI-ზე მოთხოვნის ზრდით, როგორც ნახევარგამტარების სექტორს. Nvidia, რომელიც ამ რევოლუციის მთავარ არქიტექტორად გვევლინება, ნამდვილ საბაზრო ანომალიად იქცა - მისი აქციების ფასმა 1,020%-ით მოიმატა, რაც უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს შორის საუკეთესო შედეგია. ეს ასტრონომიული ზრდა პირდაპირ ასახავს AI-ზე ორიენტირებულ ჩიპებზე უსაზღვრო მოთხოვნას.
ანალოგიურად, Broadcom-მა, რომელიც ლიდერობს სპეციალიზებული AI აქსელერატორებისა და ქსელური აპარატურის ბაზარზე, 700%-იანი ზრდა დააფიქსირა. ასევე გამორჩეული იყო Western Digital-ისა და Meta-ს შედეგები, რომელთა უკუგებაც 500%-ს მიუახლოვდა ან გადააჭარბა.
ტექნოლოგიური სექტორის ეიფორიის პარალელურად, ტრადიციული და თავდაცვითი სექტორები მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ ზოგად ბაზარს. კომუნალურმა სექტორმა მხოლოდ 42%-იანი, ჯანდაცვამ 23%-იანი, ხოლო პირველადი მოხმარების საგნებმა 20%-იანი ზრდა აჩვენა. კიდევ უფრო მძიმე სურათია ნედლეულისა და ენერგეტიკის სექტორებში. მასალების სექტორი, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და შენელებული ინდუსტრიული მოთხოვნის ფონზე, სიის ბოლოში მოექცა 17%-იანი ზრდით, ხოლო ენერგეტიკა, ნედლეულზე ფასების შესუსტებული დინამიკის გამო, მხოლოდ 9%-ით გაიზარდა. ეს მკვეთრი კონტრასტი 1000%-იან ზრდასა და ერთნიშნა მაჩვენებელს შორის ხაზს უსვამს კაპიტალის აგრესიულ როტაციას ძველი ეკონომიკიდან ინოვაციური ტექნოლოგიებისკენ.
რომ შევაჯამოთ, ხელოვნური ინტელექტის ბუმმა არა მხოლოდ გამოიწვია ინვესტიციების ციკლური ზრდა, არამედ განახორციელა ღირებულების შექმნის სტრუქტურული გადაფასება. ტექნოლოგიურმა სექტორმა, რომელიც მზადაა AI-ის მეშვეობით მომავალი ეკონომიკური პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად, აჩვენა არა მხოლოდ ზრდის, არამედ კრიზისების მიმართ მედეგობის უნარიც.




























