მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროებს აქვთ კრიზისამდელ მაჩვენებლებთან სწრაფად დაბრუნების პოტენციალი? - პაპუნა ტოლიაშვილის მოსაზრება

5eb3dc4062a39
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 17:00
1098
საინვესტიციო კომპანია “სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი BMG-ისთან საუბრობს იმ სფეროების შესახებ, რომელსაც “სინერჯის” შეფასებით აქვთ შედარებით მაღალი პოტენციალი იმისა, რომ პოსტკრიზისულ ვითარებაში შედარებით სწრაფად დაუბრუნდნენ COVID-19-ის ეპიდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს.

პაპუნა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია HoReCa-ს სექტორში არსებული კომპანიების მხარდაჭერა, მათთვის საინვესტიციო დაფინანსების შეთავაზება და ამასთან ახალ რეალობაში მათი სტრატეგიული განვითარების და ორგანიზაციული მოდელის გადაწყობა.

მაღალი პოტენციალის მქონე ინვესტიციად კი პაპუნა ტოლიაშვილი ადგილობრივი კვების ინდუსტრიისა და მსუბუქი მრეწველობის - მათ შორის კვების ინდუსტრიისთვის შესაფუთი მასალებისა და სხვა სახის წარმოებებს ასახელებს.

“დღევანდელ პირობებში, საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველად მიგვაჩნია კვების მრეწველობის კომპანიები, განსაკუთრებით ვინც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. ასევე კვების მრეწველობისთვის საჭირო შესაფუთ თუ სხვა მასალებთან დაკავშირებული წარმოებები.

ვფიქრობთ მალე გახდება საინტერესო მსუბუქი მრეწველობა, ავეჯის, ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მწარმოებლები, განსაკუთრებით ვინც ბავშვებზე ორიენტირებულ პროდუქციას აწარმოებენ; და რაღაც ეტაპზე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ადგილობრივი წარმოებებიც.

ამას გარდა, დღეს საინვესტიციოდ კარგი დრო გვგონია ჰორეკას სექტორის იმ წარმომადგენლებთან მუშაობისთვის, ვისაც მომხმარებლებისგან კარგი გამოხმაურებები ჰქონდა და თანამშრომლებიც შენარჩუნებული ჰყავს ამ დრომდე. ვინაიდან, მათი პოტენციალის შეფასება უფრო მარტივია, კარგი პირობებით შეიძლება მათი წილების შეძენა ახლა და ამასთან დღეს მათ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

ზოგადად უმჯობესია ისეთი სფეროს კომპანიებში ინვესტირება, რომელშიც შედარებით უკეთესად ერკვევი ადამიანი, რათა როგორც ინვესტირებამდე, ისე შემდგომაც სწორად შეფასება შეძლო, სწორი კითხვების დასმა, შესაძლებლობების უკეთ დანახვა და ა.შ. ამასთან, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების ეტაპზე კარგად გაიცნო არსებული პარტნიორები და გუნდი, ვინც კომპანიას მართავს, ასევე მნიშვნელოვან პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები, კარგად გაიგო მათი მოტივაცია რა არის, როგორი მიდგომებით მუშაობენ, რა ხედვები აქვთ.

აქვე, გვინდა მოვუწოდოთ ერთი მხრივ, ადამიანებს, ვისაც აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ და დაიწყონ კერძო კაპიტალის ფონდების ტიპის საქმიანობა საქართველოში; მეორე მხრივ, სახელმწიფოს, რომ გააძლიეროს ამ დარგის განვითარების მხარდაჭერა. საინვესტიციო კანონზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა კერძო კაპიტალის ფონდებზე ცალკე შეიძლება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ასევე თანადაფინანსების მექანიზმების შემოღება, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული შეექმნას ამ დარგის განვითარებას,”- BMG-სთან საუბარში ამბობს “სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი.

სს “სინერჯი კაპიტალი” შექმნილია “სინერჯი ჯგუფის” მიერ. ის 2020 წლის აპრილის ბოლოს ორი წლის გახდა. ორგანიზაციის აქციონერების რაოდენობა 50, ხოლო საინვესტიციო პორტფელში არსებული კომპანიების რაოდენობა უკვე 20-მდეა.

რამდენიმე დღის წინ “სინერჯიმ კაპიტალმა” პორტფელის გაფართოვების შესახებ გააკეთა განცხადება. კერძოდ კი “სინერჯი კაპიტალმა” შესაფუთი მასალების ქართული მწარმოებლის, “ფიემჯის” 45%-იანი წილი შეიძინა. ეს 2020 წლის განმავლობაში უკვე მეოთხე კომპანიაა, რომლის პარტნიორიც “სინერჯი” გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები