მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი 13 საკითხი აისახება კანონპროექტში, რაზეც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა?

6390e1e79cfd9
BM.GE
07.12.22 23:00
625
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR ერთობლივი წინასწარი დასკვნა განიხილა და რეკომენდაციებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნაში არაერთი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული.

მისი თქმით, ეს საკითხებია: არაპარტიული კომისიის წევრების მიუკერძოებლობის გარანტიების შემოღება; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნოს თანამდებობის პირთა შერჩევა; იმ უბნებში, სადაც ტრადიციული მეთოდით ჩატარდება არჩევნები, მოხდება ბიულეტენების გაციფრულება და ატვირთვა; არაელექტრონული ბარათებით ხმის მიცემის შეუძლებლობა; ახალი კრიტერიუმების დადგენა უბნის შედეგების გადასათვლელად; არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლების მანდატის გაფართოება; ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმის გაორმაგება; საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის შემოღება, ნაცვლად 2 თვისა; გასაჩივრების ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების მარკირება და პარტიების ხარჯების წლიური შესაძლებლობის განახევრება.

გივი მიქანაძის განცხადებით, მთელ რიგ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობა კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის დროს მოხდება.

„ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები და ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები დაემთხვა. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, შევთანხმდით 13 საკითხზე, რომელიც კანონპროექტში მეორე მოსმენის დროს იქნება ასახული. 

კერძოდ, ეს საკითხებია: შემცირდება გაციფრულებული ბიულეტენების ატვირთვის ვადა 3 დღიდან 2 დღემდე იმიტომ, რომ გასაჩივრების ვადა სამ დღემდეა და შესაბამისად, შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ თუკი რაღაც საკითხი იქნება გასაჩივრება დროულად მოესწროს და ეს იყო პირდაპირ რეკომენდებული;არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების 60 - დღიანი ვადა ნახევრდება და იქნება 30 დღემდე დაყვანილი; საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებული ხანდაზმულობის ვადა 3 წლიდან 6 წლამდე გაიზრდება; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არდაკისრების ვადა საარჩევნო დღემდე შემცირდება 7 დღემდე. ჩვენ პაკეტში 15 დღემდე გვეწერა, ხოლო არჩევნების დღესთან დაკავშირებით 15 დღე შემცირდება 12 დღემდე; რეკომენდაციების საფუძველზე დამკვირვებლებისათვის შეზღუდვები გამკაცრდება. ჩვენ პაკეტში გვაქვს, რომ ბოლო ერთი საერთო ან შუალედური არჩევნების პერიოდიდან მოყოლებული დამკვირვებელი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი ან არ უნდა გაეკეთებინა შემოწირულობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში წერია, რომ როგორც ქვედა რგოლის კომისიის წევრებისთვის ბოლო 2 არჩევნებია მოცემული, ანალოგიურად გაგვეხანგრძლივებინა ეს ვადა და მეტი გარანტიები შემოგვეტანა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნორმები გადადის გარდამავალ დებულებებში ამ რეკომენდაციების საფუძველზე; დათვლა და საბოლოო ოქმის შედგენა გულისხმობს, რომ უპირატესობა მიენიჭება ხელით დათვლილ მონაცემებს, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარმოდგენილი; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი გამოყენებული იქნება წინასწარი შედეგების შესაჯამებლად, ხოლო თითოეული კომისია განახორციელებს ბიულეტენების დათვლას და საბოლოო ოქმების შედგენას. გარდა ამისა, ყველა ამომრჩეველი იქნება მარკირებული, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში - ელექტრონული საშუალებებით თუ ელექტრონული საშუალებების გარეშე, ტრადიციული გზით; კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც ცესკოს უნდა წარედგინოს საპარლამენტო არჩევნებში თუ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ გავანახევრეთ ანუ 76 გვქონდა პირველი მოსმენით პარლამენტის შემთხვევაში და ნახევარი იყო საკრებულოს შემთხვევაში, ეს ნაბიჯი იყო პოზიტიურად შეფასებული, მაგრამ მოგვიწოდეს, რომ კიდევ შეგვემცირებინა. ამიტომ, შემოგვაქვს 40%-იანი დათქმა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში იქნება 60 ადამიანის სიის წარდგენის ვალდებულება. ბინადრობის ცენზის შემცირების საკითხზეც პოზიტიური დასკვნები გააკეთა ეუთო/ODIHR-მა. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის 5 წელი შევამცირეთ ერთ წლამდე, მაგრამ გვითხრეს, რომ რეკომენდირებულია შემცირდეს 6 თვემდე ან გაუქმდეს. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვადა ექვს თვემდე შემცირდება; საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებების ვადა იმპერატიულად, მკაცრად განსაზღვრება, რომ იქნება არჩევნებამდე 30-ე დღეს და არა ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება გარკვეულ დაბნეულობას იწვევდეს, გვთხოვეს სერტიფიცირების ვალიდურობის ვადის დადგენა და არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე ეს იქნება 5 - წლიანი ვადა“, - აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება იყო ოპოზიციური სპექტრის მხრიდან იმ საკითხზე, რომ კომისიის პარტიული წევრების სერტიფიცირება განხორციელდეს და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

​„ეს საკითხი ღიად რჩება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი აისახება მეორე მოსმენისათვის კანონპროექტში, თუმცა დამატებით განხილვას და შეთანხმებას საჭიროებს. ამიტომ, ხვალ როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გვექნება ამ პაკეტის მოსმენა, ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდებით. ჩვენ, ასევე, ვიმსჯელეთ რიგ საკითხებზე, რომლებზეც დამატებითი შენიშვნები იყო გამოთქმული და მივედით იმ დასკვნამდე, რომ რიგ შემთხვევებში ინფორმაცია არ არის სწორად გაზიარებული გარკვეული პირების მიერ ანუ ამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დოკუმენტში არის დასკვნები ჩაწერილი და ამის თაობაზე მე მექნება საშუალება, რომ ვენეციის კომისიის სხდომაზე მონაწილეობის დროს შესაბამისი არგუმენტირებული განცხადება გავაკეთო. საკითხების ნაწილი, რომლებზეც საუბარია დასკვნაში, გათვალისწინებულია 2021 წელს მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტით და რადგანაც ის შეფასებული არ ყოფილა ამ დრომდე, შეიძლება ამიტომ აღმოჩნდა სწორედ ამ დასკვნაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები