2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლის სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 707 მლნ ლარია.
აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-მ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ გამოითხოვა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან (2014 წლიდან) 30 ივნისის ჩათვლით, სულ 288 პროექტია დაფინანსებული. ბენეფიციარების რაოდენობის მხრივ, ხუთეულშია თბილისი (142), მცხეთა-მთიანეთი (24), ქვემო ქართლი და იმერეთი (23-23) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (18).
პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა პარტნიორი კომერციული ბანკების მიხედვით ასე ნაწილდება:
„თიბისი ბანკი“ – 76 პროექტი
„პროკრედიტ ბანკი“ -49
„საქართველოს ბანკი“ – 47
„თიბისი ლიზინგი“ – 45
„ქართუ ბანკი“ – 22
„ვითიბი ბანკი“ – 18
„ბაზის ბანკი“ – 12
„ტერა ბანკი“ – 7
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ – 4
„ხალიკ ბანკი“ – 3
„ბანკი რესპუბლიკა“ – 3
„პროგრეს ბანკი“ – 2.
გარდა ამისა, BM.ge-მ სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, „აწარმოე საქართველოში“ დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტებისთვის (სააგენტოსთან თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 2 წელზე მეტი პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის შესახებ; ბანკების ხუთეული ასე გამოიყურება:
„თიბისი ბანკი“ – 6,737,696 ლარი,
„პროკრედიტ ბანკი“ – 6,665,904 ლარი,
„ქართუ ბანკი“ – 4,036,602 ლარი,
„საქართველოს ბანკი“ – 2,856,169 ლარი
„თიბისი ლიზინგი“ – 1,472,374 ლარი.
რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომელთა დაფინანსების დაწყებიდან ჯერ არ გასულა 2 წელი და სააგენტო ისევ აგრძელებს ბიუჯეტიდან მათთვის ბანკის პროცენტის გადახდას, ამ ნაწილში ბანკების ხუთეულის სათავეშია უკვე „საქართველოს ბანკი“, რომელსაც ბიუჯეტიდან გადაერიცხა 4,050, 800 ლარი, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 3,775,478 ლარით; მესამეზეა „პროკრედიტ ბანკი“ - 2,416,616 ლარით, მეოთხე პოზიციაზეა „ვითიბი ბანკი“ – 1,223,415 ლარით, მეხუთეზე კი - „ბაზისბანკი“ 1,223,519 ლარით.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბანკს, „ქართუს“ ამ ნაწილში სააგენტომ ბიუჯეტიდან გადაურიცხა 655,958 ლარი პროექტის ბენეფიციარების თანადაფინანსებისთვის.
ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ 14 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა აქვს დაგეგმილი.