მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ბორტები ემსახურება მთავრობას სახელმწიფო საიდუმლოებაა - სდსს

ირაკლი კობახიძე თვითმფრინავი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვაზე გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ მთავრობის ოპერირებაში არსებულ ბორტებზე ინფორმაცია საჯარო არაა.

"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სარგებლობაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული საჰაერო ხომალდი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციით დადგენილი წესით.

საჰაერო ხომალდის შესახებ სხვა მონაცემები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სდსს) პასუხში.

საქართველოს მთავრობას კანადური მწარმოებლის, Bombardier-ის მიერ 2005 წელს გამოშვებული ხომალდი Bombardier Challenger 850 ემსახურება, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არის 4L-GAA. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის თანახმად, ხომალდის ნომინალური მფლობელია “ჯორჯიან ეარვეისი”, თუმცა ის წლებია სახელმწიფო დავალებების შესაბამისად, მაღალი თანამდებობის პირების ფრენებისთვის გამოიყენება. ხომალდის ოპერირებისა და ექსპლოატაციის საფასურს სახელმწიფო დაცვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო იხდის. ამასთან უცნობია რამდენი მილიონი ლარი უჯდება სახელმწიფოს ყოველწლიურად ამ თვითმფრინავის ოპერირება.

უცნობია აღნიშნული ხომალდის გარდა კიდევ რა ბორტები ემსახურება საქართველოს მთავრობას.

ამჟამად აღნიშნული მოდელის, წლოვანებისა და მსგავსი VIP კონფიგურაციის ხომალდის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები