ორწლიანი სტაგნაციისა და ინოვაციის შეფერხების შემდეგ, გასულ 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების გაყიდვები 4%-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული.
გაყიდვების რაოდენობით გლობალურ ბაზარზე სამხრეთ კორეული გიგანტის, Samsung-ის დომინაცია გრძელდება, რომელმაც ბაზრის 19%-იანი წილი დაიკავა. უშუალოდ Samsung-ის წარმატება Galaxy S24-სერიის შედეგებთან არის დაკავშირებული, რომელიც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.
გაყიდვებით მეორე ადგილზე ამერიკულ Apple-ს ვხედავთ, რომლის ბაზრის წილი 2%-ით, 18%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც აზიის ბაზრიდან ბრენდის განდევნით და iPhone-ებში ხელოვნური ინტელექტის დაგვიანებით გამოჩენით არის განპირობებული. განსაკუთრებით არასახარბიელო წელი iPhone 16 Pro-სერიას ჰქონდა, რომელიც არც დიზაინით და არც ტექნიკური შესაძლებლობებით რევოლუციური და გამორჩეული არ ყოფილა.
14%-იანი ბაზრის წილით რეიტინგში მესამე ადგილზე ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi-ია, რომელიც უმეტესად აზიურ ბაზარზე დომინირებს. Xiaomi-ის სამოდელო რიგში შეხვდებით როგორც ბიუჯეტურ, ასევე ულტრა-ძვირ სმარტფონებს, რაც კომპანიას ბაზრის სრული სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს. Xiaomi-ის სმარტფონებს განსაკუთრებით ხშირად ჩინეთსა და ინდოეთში ყიდულობენ, სადაც, მოგეხსენებათ, დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს.
მეოთხე ადგილზე ასევე ჩინურ Oppo-ს ვხედავთ, რომელსაც 8%-იანი ბაზრის წილი უჭირავს და ანალოგიური შედეგი აქვს კომპანია Vivo-საც, რომელიც აგრეთვე ჩინეთშია დაფუძნებული. ორივე ბრენდი, ძირითადად, დაბალ და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.
სხვა მწარმოებელი კომპანიები, საერთო ჯამში, ბაზრის 33%-ს იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონების ინდუსტრიაში საკმაოდ ბევრი მოთამაშეა და აბსოლუტურ დომინაციას არცერთი კომპანიის მხრიდან არ ვხედავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ სტატისტიკა ქვეყნებს შიგნით არსებულ ვითარებას ზუსტად არ აღწერს, რადგან ამერიკელი მომხმარებლების აბსოლუტური უმეტესობა Apple-ის, Samsung-ისა და Google-ის წარმოების სმარტფონებს იყენებს, ჩინეთში კი ზემოხსენებული ბრენდები ყველაზე გაყიდვადი კომპანიების სამეულშიც კი არ არიან.
ექსპერტების შეფასებით, 2024 წელს დაფიქსირებული 4%-იანი ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი AI იყო, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი სმარტფონებსა და ჭკვიან მოწყობილობებში.