მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მილიარდერები გამდიდრდნენ 2024-ში ყველაზე მეტად?

მილიარდერები 2024

განვლილი 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც ძირითადი ინდექსების რეკორდული ზრდით და ტექნოლოგიური სექტორის ფენომენალური შედეგებით იყო განპირობებული. კომპანიების საბაზრო შეფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, ბუნებრივია, წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამფუძნებლების და აქციონერების რაოდენობა. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ.

1. ილონ მასკი +$223 მლრდ | ქონება: $452 მლრდ

რეიტინგის სათავეში პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეწარმე ილონ მასკია, რომლის ქონების შეფასება ერთ წელიწადში 223 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $452 მილიარდს შეადგენს. 2024 წელს ილონ მასკმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ქონების მოცულობის ზრდის ტემპთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მასკი ამერიკის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი და მთავარი დონორია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, მისი კომპანიები სასათბურე პირობებში იქნებიან, ეს კი ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება. წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო შეფასება 75%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ 1 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გარდა, ილონ მასკი კიდევ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, SpaceX-ს ფლობს, რომლის შეფასებამ წელს რეკორდულ 350 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მას პლანეტის უმსხვილეს სტარტაპად აქცევს. საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ 2024 წელი ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი სწორედ ილონ მასკისთვის იყო, რომელმაც არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე უდიდესი ფსონი დადო, რამაც გაამართლა.

2. მარკ ცუკერბერგი +$84 მლრდ | ქონება: $212 მლრდ

2024 წელი განსაკუთრებით სარგებლიანი იყო Meta-ს დამფუძნებლისთვის, რომლის ქონების შეფასება 84 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $212 მილიარდს შეადგენს. Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის მშობელი კომპანიისათვის 2024 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მთავარი კი ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც Meta-ს შესაძლებლობების გაზრდის საშუალება მისცა და ტექნოლოგიური გიგანტი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გარდა ამისა, წელს აშშ-ის მთავრობამ ჩინური TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, თუ ძალაში შევიდა, ცუკერბერგის კომპანიას სოციალური ქსელების ბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მონოპოლად აქცევს, რასაც Meta-ს ინვესტორები სიხარულით შეხვდებიან. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, ცუკერბერგმა წელს საზოგადოებას ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი - ახალი AR-სათვალე Orion-ი წარუდგინა, რომელიც ჭეშმარიტად რევოლუციური ინოვაციაა. საერთო ჯამში, წელს Meta-მ 73%-იანი აღმასვლა დააფიქსირა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.5-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა.

3. ჯენსენ ჰუანგი +$76 მლრდ | ქონება: $120 მლრდ

AI-ბუმის ფონზე, 76 მილიარდი დოლარით გამდიდრდა მეწარმე, რომლის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ წელს ყველა რეკორდი მოხსნა და რეიტინგში პირველი ადგილიც დაიკავა. ცხადია, საუბარი გვაქვს NVIDIA-ზე, რომლის აქციების ღირებულება წელს 185%-ით გაიზარდა და პიკურ პერიოდში კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 620 მილიარდ დოლარს მიაღწია. NVIDIA-ს რეკორდული აღმასვლის ფონზე, ჯენსენ ჰუანგის ქონებამ 120 მილიარდ დოლარს მიაღწია, რასაც ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას უნდა უმადლოდეს.

4. ლარი ელისონი +$67 მლრდ | ქონება: $190 მლრდ

შესანიშნავი წელი ჰქონდა ლარი ელისონსაც, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის დამფუძნებელია. ელისონის ქონება წელს 67 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო შეფასებამ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი მეგობრებისა და კოლეგების მსგავსად, ელისონის გამდიდრებაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, რომელმაც Oracle-ის პლატფორმას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა, რამაც კომპანიის შეფასება 500 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

5. ჯეფ ბეზოსი +$66 მლრდ | ქონება: $243 მლრდ

სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, 2024 წელი გამორჩეულად კარგი იყო Amazon-ისთვის, რომელიც, მართალია, ელექტრონული კომერციის პლატფორმითაა ცნობილი, თუმცა ამასთან Cloud-ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა. სწორედ Amazon-ის ტექნოლოგიური მიმართულების, AWS-ის წარმატებას უკავშირდება ის 50%-იანი ზრდა, რომელიც წელს კომპანიამ დააფიქსირა. ამჟამად Amazon-ის შეფასება 2 ტრილიონ 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი დამფუძნებელი კი წელს 66 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და ამჟამად ჯეფ ბეზოსი 243 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წელს ყველაზე დიდი სარგებელი იმ კომპანიებმა და მილიარდერებმა მიიღეს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე აქტიურად იყენებენ, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან AI ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა და ეს ტექნოლოგიურმა ტიტანებმა კარგად იციან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები