საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება მაღალი ტემპებით იზრდება - მობილური ოპერატორების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად იყენებს 4,260,990 აბონენტი, რაც აქტიური სიმბარათების 72.8%-ს შეადგენს. მათ მიერ მოხმარებული მობილური ინტერნეტი თვეში საშუალოდ 80,160 ტერაბაიტს შეადგენს, რაც ერთ აბონენტზე თვეში 18.8 გიგაბაიტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 26%-ით, ანუ 3.9 გიგაბაიტით არის გაზრდილი.
ამ დროისთვის კომუნიკაციების კომისიაში მობილურ ოპერატორებს წარდგენილი აქვთ 2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მონაცემები. თებერვლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის მოხმარების მიხედვით მაგთის აბონენტები ლიდერობდნენ, რომლებმაც 38,577 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, რაც ერთ აბონენტზე 25.9 გიგაბაიტს შეადგენს და ეს პარამეტრი წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად მობილური ინტერნეტის მოხმარება კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- მაგთი - სულ 1,489,711 აბონენტი იყენებს მობილურ ინტერნეტს, 25.9 გბ ერთ აბონენტზე თვეში, წლიური ზრდა 4.7 გბ;
- სილქნეტი - სულ 1,508,650 აბონენტი იყენებს მობილურ ინტერნეტს, 16.8 გბ ერთ აბონენტზე თვეში, წლიური ზრდა 3 გბ;
- სელფი მობიალი - სულ 1,253,293 აბონენტი იყენებს მობილურ ინტერნეტს, 12.8 გბ ერთ აბონენტზე თვეში, წლიური ზრდა 4 გბ.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2026 წლის თებერვალში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 14.09 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 76 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 11.93 ლარია, რაც 29 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.73 ლარია, რაც წლიურად 98 თეთრით არის მომატებული. შესაბამისად, 2026 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.
2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 71,602,382 ლარი, 2,425,985 აბონენტი, ბაზრის 41.4%, შემოსავლის ზრდა 10.3%;
- სილქნეტი - 51,951,181 ლარი, 2,092,716 აბონენტი, ბაზრის 35.7%, შემოსავლების ზრდა 7%;
- სელფი მობაილი - 26,878,569 ლარი, 1,322,229 აბონენტი, ბაზრის 22.6%, შემოსავლების ზრდა 12.9%.


























