საქსტატმა 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 114,374 იყო. შესაბამისად, მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17,127-ს შეადგენდა. ამ მიგრაციული მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი უცხოეთის მოქალაქეებს მოიცავს, სადაც უკრაინის, რუსეთის და ინდოეთის მოქალაქეები დომინირებენ.
2026 წლის მიგრაციული სტატისტიკა დეტალურად:
| მოქალაქეობა | იმიგრანტი | ემიგრანტი | სხვაობა (მიგრაციული სალდო) |
| საქართველო | 62,073 | 58,799 | 3,274 |
| რუსეთის ფედერაცია | 20,139 | 19,226 | 913 |
| უკრაინა | 6,937 | 3,658 | 3,279 |
| ინდოეთი | 5,685 | 4,456 | 1,229 |
| თურქეთი | 5,341 | 3,328 | 2,013 |
| აზერბაიჯანი | 5,574 | 2,547 | 3,027 |
| ჩინეთი | 1,090 | 3,070 | -1,980 |
| ბელარუსი | 1,938 | 2,065 | -127 |
| ყაზახეთი | 2,362 | 1,232 | 1,130 |
| ისრაელი | 1,955 | 1,526 | 429 |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 1,696 | 1,357 | 339 |
| სხვა ქვეყნის მოქალაქე | 16,671 | 13,079 | 3,592 |
| მოქალაქეობის არმქონე პირი | 40 | 31 | 9 |
| სულ | 131,501 | 114,374 | 17,127 |
მიგრაციის სტატისტიკა მოიცავს ყველა ქვეყნის მოქალაქეს და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეთა მიხედვით, იმიგრაციამ შეადგინა 62,073, ხოლო ემიგრაციის რაოდენობა იყო 58,799, შესაბამისად, საქართველოში 3274 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა. ამ მხრივ 2025 წელი ერთ-ერთი საგამონაკლისოა, რადგან საქსტატის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია იმიგრაციას უმეტესწილად აჭარბებს. მთლიანობაში 2015-2025 წლებში საქართველო 240,428-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. ყველაზე დიდი ემიგრაცია 2023 წელს იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციული ბალანსი მინუს 73,600 იყო.
ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?
ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.
მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?
პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.
შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.




























