ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს 2017 წლის ანგარიშს იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ყველაზე დიდი მოთხოვნა გასვლით ტურიზმზე. მსოფლიოში წინა წლებთან შედარებით, მოგზაურობაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, რასაც გასვლით ტურიზმზე მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით ხსნის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია. გასვლით ტურიზმში 12 მილიარდი ამერიკული დოლარით მეტი დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ასევე წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ და ამაში კიდევ უფრო მეტი თანხა დახარჯეს რუსეთსა და ბრაზილიაშიც. ხარჯი რუსეთის შემთხვევაში 7 მილიარდით, ხოლო ბრაზილიის შემთხვევაში 5 მილიარდი ამერიკული დოლარით მეტი იყო. 2017 წელს ყველაზე მეტი თანხა მოგზაურობაში ჩინეთის მოსახლეობამ დახარჯა. წინა წელთან შედარებით ეს მონაცემი 8 მილიარდით გაიზარდა და 258 მილიარდი შაედგინა.
ჩინეთის შემდეგ გასვლითი ტურიზმზე ხარჯები ამერიკის შეერთებულ შტატებში 9%–ით გაიზარდა და 135 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება გერმანიას და გაერთიანებულ სამეფოს ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში 3%–ით მეტი დაიხარჯა 2016 წელთან შედარებით. გერმანიის შემთხვევაში ის 84 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს, ხოლო ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 63 მილიარდ ამერიკული დოლარია. გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეები ტურიზმის დარგში ერთ–ერთ სოლიდურ მხარჯველებად ითვლებიან. საფრანგეთის გასვლით ტურიზმზე გაწეული ხარჯები 2017 წელს 1%–ით გაიზარდა და 41 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
ანგარიშს გამოეხმაურა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილიც. მისი თქმით, მზარდი ეკონომიკები დიდ როლს თამაშობენ ტურიზმის განვითარებაში. პოლოლიკაშვილმა გამოყო რუსეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ბაზრები, რომლებზეც წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმის 7%–იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მოთხოვნა მოგზაურობაზე ყველაზე მაღალი ევროპაში აღმოჩნდა.

























