ვიზიტორები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტისას ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ და ყველაზე მცირე ხნით რჩებიან ქვეყანაში. ამის შესახებ საუბარია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ტურიზმის კვლევაში.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების 51,1% საქართველოში ღამეს არ ათევს. ამასთან მათი დანახარჯები მინიმალურია. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მხოლოდ ამ ქვეყნების ვიზიტორების დანახარჯებმა საქართველოში 2,2 მილიარდი ლარი შეადგინა - სრული შემოსავლების 37,9%.
ამის საპირისპიროდ ვიზიტორები ინდოეთიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ყველაზე მეტს ხარჯავენ საქართველოში შემოსულ სხვა ვიზიტორებთან შედარებით.
ინდოელი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 1 153 დოლარია, საუდის არაბეთიდან შემოსულის - 1 152, ხოლო ვიზიტორი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საშუალოდ 1 102 დოლარს ხარჯავს.
ამის პარალელურად აზერბაიჯანელი ვიზიტორის დანახარჯი 146 დოლარია.

























