1 სექტემბერს 00:00 საათზე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა.
ყველაზე მეტი კი აწ უკვე ტრადიციულად ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა დახარჯეს და თავიანთი რეკორდი 800 მილიონი ევროთი გააუმჯობესეს. ინგლისის პრემიერ ლიგამ მოთამაშეებში 3.56 მილიარდი ევრო გადაიხადეს. აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი 2.83 მილიარდი ევრო გახლდათ.
ყველაზე აქტიური “ლივერპული“ იყო, რომელმაც 489 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა - ალექსანდერ ისაკი (150 მილიონი ევრო), ფლორიან ვირცი (125 მილიონი ევრო), უგო ეკიტიკე (95 მილიონი ევრო), მილოშ კერკეში (46.9 მილიონი ევრო), ჯერემი ფრიმპონგი (40 მილიონი ევრო), ჯოვანი ლეონი (31 მილიონი ევრო).
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, პრემიერ ლიგის კლუბებმა 401 მილიონი ევრო დახარჯეს და 3- მილიარდიანი ნიშნული ისტორიაში პირველად გადალახეს.
მეორე ადგილზე იტალიის სერია A იმყოფება. ტოპ 5-ში, ინგლისის გარდა, იტალია ერთადერთია, რომლის წარმომადგენლებმაც 1 მილიარდზე მეტი ფინანსური რესურსი გაიღეს - 1.190 მილიარდი. საინტერესოა, რომ სერია A-ს ყველაზე ძვირი შენაძენი კრისტოფერ ნკუნკუა, რომელიც “მილანს“ 37 მილიონი ევრო დაუჯდა.
მესამე ადგილზე ბუნდესლიგას ვხედავთ, თუმცა აქ “ბაიერნი“ დომინირებს და თანხის დიდი ნაწილი „რეკორდმაისტერს“ აქვს დახარჯული. ბუნდესლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი ლუის დიასი გახლდათ, ვის სანაცვლოდაც „ბაიერნმა“ „ლივერპულს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა.
ესპანეთის ლა ლიგამ ტრანსფერებზე 683 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე აქტიური “რეალი“, “ატლეტიკო“ და “ვილიარეალი“ იყვნენ. რაც შეეხება “ბარსელონას“, ფინანსური პრობლემების გამო, “ბლაუგრანამ“ მხოლოდ 27.5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
მეხუთე პოზიციას კი საფრანგეთის ლიგა 1 ხურავს და ბუნდესლიგის მსგავსად, აქაც ერთი გუნდი დომინირებს - “პარი სენ-ჟერმენი“. ლიგა 1-ის წარმომადგენლებმა 636 მილიონი დახარჯეს და თანხის მეექვსედი, 103 მილიონი, “პსჟ-ს” ილია ზაბარნი და ლუკას შევალიე დაუჯდა.




























