რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერთან ერთად დღეს თბილისი - საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მონაკვეთი გახსნა და კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.
ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, ხოლო 2012 წლის შემდეგ 1600 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.
„სულ რაღაც სამი თვის წინ კახეთში გავხსენით ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა. კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვის, სამუშაოები მაღალი ტემპით გრძელდება. ჩვენი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა ბაკურციხემდე. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომლის დასრულების შემდეგ კახეთის საგზაო მიმართულების 52 კმ-იან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მაგისტრალური გზით იმოძრავებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, ფაქტობრივად დასრულებულია გომბორის 33 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია და გრძელდება თუშეთამდე მისასვლელ გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ინტენსიური სამუშაოები, რომელიც თუშეთის გზის 65 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთიდან 52 კმ-ზე მიმდინარეობს.
2024 წელს მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.