საქსტატმა 2025 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.
საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 2025 წლის მარტში 14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი.
მარტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორმა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორმა, ასევე, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტის, დასაწყობება და მშენებლობის სექტორებმა. ამის პარალელურად, კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში.
„ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული დაპროგრამების მოცულობის ზრდასთან, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კონსულტირების და შესაბამისი მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო აღრიცხვა/კონტროლი/აუდიტის, ასევე საგადასახადო საკითხებში კონსულტაციების მოცულობის ზრდასთან, აღნიშნული სექტორი ასევე აერთიანებს იურიდიულ მომსახურებას, აქ შედის ასევე, არქიტექტურა, ინჟინერია, დიზაინი და მეცნიერული კვლევა და ანალიზი. ამ სექტორში მომსახურების მოცულობის გაფართოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთა.
ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენცია გამოვლინდა სახმელეთო ტრანსპორტის სფეროშიც, რაც ძირითადად სატვირთო გადაზიდვებთან იყო დაკავშირებული. გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლებიც.
მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა/ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან. მარტში დაახლოებით 34%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.
დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში შეინიშნებოდა კლება, რაც დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, კერძოდ, შემცირდა ფოლადისა და თუჯის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები, დაახლოებით 26%-ით არის შემცირებული ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად შემცირება აშშ-ის და თურქეთის მიმართულებაზე მოდის. არის სხვა ქვესექტორები, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, დამმუშავებელ მრეწველობაში სასმელების წარმოების მიმართულება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა და მარტში დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი“, - განაცხადა საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.




























