საქართველოს მთავრობა, სამინისტროები და სახელმწიფო ორგანიზაციები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობენ. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ შესყიდვის ფარგლებში წლიურად გადახდილი თანხები ბენზინზე 167 მილიონ ლარს, დიზელის საწვავზე კი, 122 მილიონ ლარს აღემატება.
რაც შეეხება უშუალოდ მხარჯავ უწყებებს, მათ მიერ ათვისებული საწვავის მოცულობების შესახებ ინფორმაცია აქვს შეკრებილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორს, რომლის თანახმადაც გასულ წელს ყველაზე დიდი ოდენობის - 21 მილიონი ლარის საწვავი თავდაცვის სამინისტრომ მოიხმარა. თუმცა ამასთან, მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ნაწილზე მოქმედებს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, ფაქტობრივად შესყიდული საწვავის მოცულობა შესაძლოა, უფრო დიდი იყოს.
ბიუჯეტის მონიტორისთვის ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება სხვა უწყებებს, მათი 2024 წლის საწვავის ხარჯებია:
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.8 მილიონი ლარი;
გარემოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1.6 მილიონი ლარი;
პარლამენტის აპარატი - 752 ათასი ლარი;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 417 ათასი ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 332 ათასი ლარი;
ფინანსთა სამინისტრო - 280 ათასი ლარი;
ეკონომიკის სამინისტრო - 193 ათასი ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 162 ათასი ლარი.




























