ჭკვიანი საათი, ანუ სმარტვოჩი მაჯის კომპიუტერია, რომელიც ყოველდღიური კომპანიონის ფუნქციას ასრულებს და ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. სმარტვოჩს თითქმის ყველაფერი შეუძლია, ნაბიჯებისა თუ გულის ცემის მონიტორინგით დაწყებული, ზარებზე პასუხის გაცემით და აპლიკაციების გამოყენებით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სმარტვოჩისთივს თავად საათის ჩვენება მეათეხარისხოვანი დავალებაა, რომელსაც 10-დოლარიანი საათიც ისევე კარგად ართმევს თავს, როგორც სმარტფონის ფასი Ultra-სერიის სმარტვოჩი.
იყო დრო, როცა ბაზარზე სულ რამდენიმე მოდელი იყო წარმოდგენილი, დღეს კი ჭკვიანი საათების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ხშირად არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, ამიტომ TECH INFORM-ი საუკეთესო სმარტვოჩების რეიტინგს წარმოგიდგენთ:
საუკეთესო სმარტვოჩი Apple-ის მომხმარებლებისთვის - Apple Watch Ultra 2
თუკი iPhone-ის, Mac-ის ან Apple-ის სხვა პროდუქტების მომხმარებელი ბრძანდებით, მაშინ არჩევანის გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან Apple Watch Ultra 2 საუკეთესო ჭკვიანი საათია, რომელიც ბაზარზე არსებობს. Apple-ის ეკოსისტემაში ინტეგრაციის ხარისხით Apple Watch-ს კონკურენტი არ ჰყავს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ამ მოწყობილობის ფასი 800 დოლარიდან იწყება. Apple Watch Ultra 2 49-მილიმეტრიანი ტიტანის კარკასით, 100-მეტრიანი წყალგამძლეობით და დარტყმისაგან დამცავი ეკრანით არის აღჭურვილი. სმარტვოჩის არსენალში გულის ცემის, ძილის, მოძრაობის, სუნთქვის, ტემპერატურის და ფიზიკური დატვირთვის მონიტორინგისათვის საჭირო სენსორებს შეხვდებით, რაც ჭკვიან საათს ფიტნეს ასისტენტად აქცევს. გარდა ამისა, Watch Ultra 2-ს თანამედროვე GPS-სისტემა, ფიჭური კავშირი, SOS-სიგნალი და 36-საათიანი გამძლეობის მქონე ბატარეა აქვს, რომელსაც ეკონომიურ რეჟიმში 72 საათი შეუძლია მუშაობა. Apple Watch Ultra 2 იდეალური არჩევანია როგორც ოფისის თანამშრომლებისთვის, ასევე ექსტრემალურ პირობებში მყოფი ათლეტებისთვის, რადგან Apple-ის ფლაგმანური სმარტვოჩი ყველა დავალებას ისევე მარტივად ართმევს თავს, როგორც ეს ამ ბრენდს შეეფერება.
საუკეთესო სმარტვოჩი Samsung-ის მომხმარებლებისთვის - Samsung Galaxy Watch Ultra
Samsung-ის მიერ წარმოებული პროდუქციის მომხმარებლებისათვის საუკეთესო არჩევანია Samsung Galaxy Watch Ultra, რომელსაც ყველა ის ძირითადი ფუნქციონალი აქვს, რასაც Apple Watch Ultra 2-ში ვხედავდით. ყველაფერთან ერთად, Samsung-ის სმარტვოჩში ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და მისი გამოყენების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ამ ულტრა-გამძლე და ულტრა-მძლავრი ჭკვიანი საათის ღირებულება 650 დოლარს შეადგენს და მისი შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად საჭიროა Samsung Health App-ის გამოყენება და SmartThings-ის ეკოსისტემაში ჩართვა, რომელიც მხოლოდ ამ ბრენდის მოწყობილობებშია ხელმისაწვდომი, სწორედ ამიტომ, Galaxy Watch Ultra-ს შეძენას მხოლოდ მათ ვურჩევთ, ვისაც Samsung-ის სმარტფონები და სხვა ნივთები აქვთ.
საუკეთესო სმარტვოჩი Android-ის მომხმარებლებისთვის - Google Pixel Watch 3
იმ Android-მოწყობილობების მომხმარებლებისთვის, ვისაც Samsung-ი არ აქვთ, საუკეთესო არჩევანი Google Pixel Watch 3-ია, რომელსაც Android-ის ეკოსისტემაში ინტეგრაციის უმაღლესი ხარისხი აქვს, რადგან სმარტვოჩიცა და თავად ოპერაციული სისტემაც ერთი კომპანიის, Google-ს მიერ არის შექმნილი. ეს 45-მილიმეტრიანი ჭკვიანი საათი არ განეკუთვნება Ultra კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზეგამძლე და ზემძლავრი არ არის, თუმცა შედარებით ნაკლები ფუნქციონალი დაბალ ფასსაც ნიშნავს, რომელიც 350-400 დოლარის ფარგლებში. Pixel Watch 3-ს ყველა ის საჭირო ფუნქციონალი აქვს, რომელსაც ფლაგმანური მოწყობილობისგან უნდა მოველოდეთ. ამასთან, სმარტვოჩი აღჭურვილია Google-ის ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ასისტენტის ფუნქციას ასრულებს და თქვენს სურვილებს მყისიერად აღასრულებს.